ანტერპრენერობა ხელსაყრელ დროს მოქმედება არ არის, ანტერპრენერობა აზროვნებაა - ირაკლი ლითანიშვილი

ანტერპრენერობა ხელსაყრელ დროს მოქმედება არ არის, ანტერპრენერობა აზროვნებაა - ირაკლი ლითანიშვილი

access_time2023-03-23 11:00:22

ირაკლი ლითანიშვილი სერიული ანტერპრენერია, რომელიც  ავიაციის, საწვავის გადაზიდვისა და IT მიმართულებით მუშაობს. ის ასევე არის კომპანია Mirai Flights-ის დამფუძნებელი, რომელიც კერძო თვითმფრინავების მყისიერი დაჯავშნის სერვისს ახორციელებს.

 

ირაკლი ლითანიშვილმა ლონდონში საერთაშორისო ბიზნესის განხრით მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, ჯერ საბროკერო კომპანიაში დაიწყო მუშაობა, რომელიც ლონდონში ვერტმფრენების, თვითმფრინავების და იახტების გაქირავებას ემსახურებოდა, შემდეგ კი გაერთიანებული სამეფოს კერძო თვითმფრინავების ოპერირების ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში დსთ-ს ქვეყნების რეგიონის კომერციული დირექტორი გახდა. 2012-2013 წლებში - Quantum Via და LLJets, ხოლო 2 წლის წინ კერძო თვითმფრინავების მყისიერი დაჯავშნის სერვისის ციფრული პლატფორმა Mirai Flights-ი დააფუძნა.

 

„კომერსანტი“ ირაკლი ლითანიშვილს ავიაციის სფეროში განვლილ წარმატებულ გზაზე, ავიაციის სფეროს გამოწვევებსა და ამ მიმართულებით საქართველოს პოტენციალზე ესაუბრა. მისი თქმით, საქართველო პერსპექტიული ქვეყანაა გრძელვადიანი პროგრესის კუთხით, მაგრამ მას დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ ბიზნესავიაციის ბაზრისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდება.

 



როგორ აღმოჩნდით ავიაციის სფეროში? გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები.

 

საავიაციო ინდუსტრიაში სრულიად შემთხვევითი აღმოვჩნდი თუმცა, ამ არჩევანმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ლონდონში საერთაშორისო ბიზნესის განხრით მაგისტრატურის დასრულების შემდეგ, მინდოდა საინვესტიციო ბანკში დამეწყო მუშაობა. თუმცა, 2007 წელს ევროპის ორი ძალიან ცნობილი საინვესტიციო ბანკის შეთავაზებაზე ვთქვი უარი და ამას არ ვნანობ. მცირე საბროკერო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერობით დავიწყე, რომელიც ლონდონში ვერტმფრენების, თვითმფრინავების და იახტების გაქირავებას ემსახურებოდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში მივიღე შეთავაზება გაერთიანებული სამეფოს კერძო თვითმფრინავების ოპერირების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიისგან დსთ-ს ქვეყნების რეგიონში კომერციული დირექტორის თანამდებობაზე. სიამოვნებით დავთანხმდი ამ შეთავაზებას და სულ რაღაც ხუთ წელიწადში რეგიონული მმართველი დირექტორი გავხდი.

 

ასე დაიწყო საავიაციო ინდუსტრიასთან ჩემი გრძელი „სიყვარულის ისტორია“. 2013 წელს, რეგიონული მმართველი დირექტორის პოსტის დატოვების შემდეგ, ჩემი პირველი კომპანია დავაფუძნე ევროკავშირში, კერძოდ მალტაში.

 


გვიამბეთ The Aim of Emperor group-ის შესახებ. Forbes-ის გვერდზე წავიკითხე რომ ეს ჯგუფი 15 კომპანიას აერთიანებს.

 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Emperor group გაცილებით ფართო სერვისს მოიცავს. ის მუშაობს სამი მიმართულებით: ავიაცია, საწვავი და სახმელეთო მომსახურება, IT. სერვისების ამგვარი დივერსიფიკაცია გადამწყვეტია იმისთვის, რომ ბიზნესი გადარჩეს პანდემიის, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური კონფლიქტებისა და ეკონომიკური კრიზისების ფონზე. რაც შეეხება ამ სამ ვერტიკალს, ჩვენი სერვისები მთელ მსოფლიოს მოიცავს. გარდა ამისა, ჩვენ ვაქირავებთ, ვყიდით და ვმართავთ აქტივებს ავიაციაში, ვმუშაობთ კერძო, კომერციულ და ტვირთის გადაზიდვის სფეროებში, სადაც თითოეული ეს ვერტიკალი შესაბამის ფუნქციას იძენს. ბიზნესავიაციაში ჩვენი სერვისები მოიცავს თვითმფრინავის კონტროლიდან დისპეტჩერიზაციის კოორდინაციამდე, ასევე მოიცავს  დაქირავებას, გაყიდვას, დაფინანსებას, ტექნიკურ მოვლა-პატრონობას და ა.შ.

 



ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ მწარმოებლებთან, როგორებიცაა - HACI (ცნობილია, როგორც Honda Jet), GAC (Gulfstream), Bombardier, Airbus, ასევე FBOs-სთან, MROs-სთან და ა.შ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია თანამშრომლობა და პარტნიორობა საერთაშორისო ბანკებთან და დიდ სადაზღვევო კომპანიებთან, რომელთა აქტივები ჩვენი კლიენტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჩვენი სახმელეთო და საწვავის ნიშა უზრუნველყოფს საერთაშორისო ფრენებს მთელ მსოფლიოში.

 

ჩვენი უახლესი IT შეთავაზება Mirai Flights ციფრული პლატფორმაა კერძო თვითმფრინავების დაჯავშნისთვის. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ინდუსტრიით, რომელიც B2C ბიზნესავიაციის პროცედურებს ბევრად ეფექტურს ხდის, რადგან ჩვენს კლიენტებს აპლიკაციის საშუალებით თვითმფრინავის დაჯავშნა 5 წუთზე ნაკლებ დროში შეუძლიათ.

 


რა მიმართულებებით გაქვთ ფრენები და რომელი ქვეყნებიდან არიან თქვენი კლიენტები?

 

ცალკეულ ბაზარზე ოპერირება ძალიან სუსტი სტრატეგიაა გრძელვადიანი წარმატებისთვის. ჩვენი კლიენტების უმრავლესობა იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან და ინგლისიდან არიან. 2022 წელს გალფის ქვეყნებში ჩვენი სერვისის დანერგვის შემდეგ, ფრენების დიდი ნაკადი გვაქვს ახლო აღმოსავლეთში. რაც შეეხება ამ რეგიონს, ის გაციფრულების მხრივ ბევრად უსწრებს ევროპას, რაც განსაკუთრებით მისასალმებელი გარემოა ტექნიკური კომპანიებისთვის.

 


ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობდით, რომ გინდოდათ ინდუსტრიის გაციფრულება რათა შესაძლებელი ყოფილიყო ნებისმიერი კლასის ბიზნესჯეტის დაჯავშნა ციფრული აპლიკაციის საშუალებით, ისევე, როგორც ეს ტაქსის შემთხვევაში ხდება. არის თუ არა Mirai Flights და Quantumvia ამ გეგმის განსახიერება? გვიამბეთ Mirai Flights-ისა და Quantumvia-ს შესახებ.

 

Quantumvia ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც მე და ჩემმა პარტნიორებმა 2013 წელს დავაარსეთ. ეს ლონდონში დაფუძნებული ბიზნესია, რომელიც მორგებულია მაღალბიუჯეტიან კლიენტებზე, მუშაობს საოჯახო ოფისებთან, ბანკებთან და უზრუნველყოფს თვითმფრინავების და იახტების გაქირავებას და კონსულტაციას.

 

Mirai Flights არის ბევრად უფრო ახალი ციფრული შეთავაზება. ამ იდეაზე მუშაობა მე და ჩემმა პარტნიორებმა 2019 წელს დავიწყეთ. Mirai  პანდემიის ფონზე გავუშვით და ჩვენი MVP პროდუქტი AppStore-სა და Google Store-ზე 2021 წლის თებერვალში გამოჩნდა. 2021 წელი - ჩავატარეთ ტესტირება როგორც სისტემის შიდა, ისე პარტნიორ კომპანიებთან, რის შედეგადაც ბრუნვამ 4.5 მილიონი დოლარი შეადგინა. 2022 წლის იანვარში შევაგროვეთ 3 მილიონი დოლარი. ეს განსაკუთრებით რთული წელი 13,5 მილიონი ევროს ბრუნვით დავასრულეთ.


 

Mirai Flights ერთგვარი Uber აპლიკაციაა კერძო ავიაციისთვის. ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ იპოვონ და დაჯავშნონ კერძო თვითმფრინავი მყისიერად, სასურველი გაფრენის დროით, ადგილით, თვითმფრინავის კლასით, ფასით და გადაიხადონ 300,000 ევრომდე ერთი დაწკაპუნებით. აპლიკაციის უკან AI ალგორითმი მყისიერად ითვლის საუკეთესო ვარიანტს კონკრეტული კლიენტისთვის.

 

თუ Quantumvia უნაკლო ძვირადღირებული სერვისის მაგალითია, Mirai Flights განსაზღვრავს კონცეფციას, თუ როგორ შეუძლია ბიზნესავიაციას ოპერირება. ეს არის ადგილი, სადაც „ძველი სკოლის“ ბიზნესიდეიდან ახალ მრავალფუნქციურ ციფრულ მომსახურებაზე ხდება გადასვლა, რომელიც ახალი თაობის მოთხოვნებს პასუხობს. თუ დავფიქრდებით, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ტაქსის გამოძახება ორი დაწკაპუნებით შეიძლებოდა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესავიაციაში, სადაც მყისიერი გადახდისა და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაცია გზას უხსნის სრულიად ახალი ქცევის პრაქტიკას.



ბოლო დროს გაიზარდა თუ არა მომხმარებელთა მოთხოვნა ბიზნესჯეტებზე? რატომ ირჩევენ მომხმარებლები ბიზნესთვითმფრინავებს და რა უპირატესობები აქვს თქვენს კომპანიებს?

 

პანდემიამდელ პერიოდში კერძო თვითმფრინავების წილი ბაზარზე ძალიან მცირე იყო. ახლა ინდუსტრია შეიცვალა და კლიენტთა დიაპაზონი გაფართოვდა. ეს აღარ არის პრივილეგირებულთა არჩევანი, ეს მოგზაურობის კიდევ ერთი ვარიანტია. პანდემიის დროს კომერციული საავიაციო ინდუსტრია ჩამოინგრა, რამაც გადააფასა და მეტად დააფასა კერძო ფრენების მნიშვნელობა.

 

კერძო თვითმფრინავის არჩევის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. ესენია: კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება, მოქნილობა და კომფორტი. კერძო პირები ანონიმურობას და განმარტოებას აფასებენ, რასაც კომერციული ფრენები უბრალოდ ვერ გვთავაზობენ. თქვენი ყველა უნიკალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია თვითმფრინავის კლასის არჩევიდან, განრიგით, სპეციალური საჭიროებებით, საკვებითა და სასმელებით დამთავრებული.

 


როგორია Mirai Flights-ის ფასები და რა მიმართულებებია მოთხოვნადი?

 

განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ ჩვენს აპლიკაციაში თვითმფრინავების ფასები კლიენტებისთვის უაღრესად მიმზიდველია. Mirai-მ დაარღვია მითი იმის შესახებ, რომ კერძო თვითმფრინავი ათიათასობით ევრო ღირს. გარდა ამისა, ჩვენს სერვისში ინტეგრირებულია „ცარიელი ფრენის“ (empty legs) ფუნქცია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მყისიერად ისარგებლონ იაფი სერვისებით. რაც შეეხება მიმართულებებს, ამჟამად მოთხოვნადია: დიდი ბრიტანეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ახლო აღმოსავლეთი.

 


ლონდონის გარდა სად გაქვთ წარმომადგენლობები?

 

ჩვენი სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში, ოპერატიული ოფისები გვაქვს მალტასა და ბერლინში, გუნდის ზოგიერთი წევრი ოპერირებს თბილისში, ჟენევაში, ვენასა და ლიმასოლში. ცოტა ხნის წინ, Mirai-ს დირექტორთა საბჭოს წევრი და ბიზნესის განვითარების გუნდი დუბაიში გადავიდნენ.

 


როგორ შეაფასებთ Mirai Flights-ის მუშაობას 2022 წელს?

 

2022 წელი, რბილად რომ ვთქვათ, ტურბულენტური წელი იყო. მაგრამ ეს ასევე შესანიშნავი შესაძლებლობა იყო არსებულ კლიენტებთან უფრო მჭიდრო კავშირის დასამყარებლად და ჩვენი IT შეთავაზების განახლებისთვის, ასევე ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებთან თანამშრომლობისთვის. 2022 წელს ჩვენ ფოკუსირებული ვიყავით მომხმარებლებისა და ფუნქცია „ცარიელი ფრენის“ (empty legs) სრულყოფაზე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იპოვონ ყველაზე მომგებიანი ფრენები ფილტრების გამოყენებით და წვლილი შეიტანონ CO2 დონის შემცირებაში. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ შეტყობინებების არხი, რათა მომხმარებლებმა დაინახონ ყველაზე მნიშვნელოვანი შეტყობინებები შეკვეთისა და გადახდის სტატუსის, ბალანსის შევსების შესახებ და ა.შ. კიდევ ერთი საინტერესო განახლება 2022 წელს, კრიპტოვალუტის, როგორც გადახდის ერთ-ერთი ვარიანტის, დანერგვა იყო, რაც სერვისს კიდევ უფრო მოქნილს და მოსახერხებელს ხდის.

 


Mirai Flights წლის ლონდონის Start-up Awards-ის ფინალისტი გახდა სამომხმარებლო მომსახურების სტარტაპში. რას ნიშნავს იყო ამ ჯილდოს ფინალისტი და როდის გამოვლინდებიან გამარჯვებულები?

 



როგორც ანტერპრენერსა და დამფუძნებელს, მიმაჩნია, რომ მომხმარებელთა ლოიალობა და ურთიერთობა გადამწყვეტია მომსახურების შექმნისას, განსაკუთრებით მაღალბიუჯეტიან სეგმენტში, სადაც ზეპირ სიტყვას იოლად შეუძლია განაპირობოს კომპანიის წარმატება ან პირიქით განადგურება, აქ შეცდომის ადგილი არ არის. Mirai Flights შეიქმნა, როგორც გზა, რათა ამოავსოს უფსკრული „ძველი სკოლის“ ბაზარსა და მომხმარებელთა მოთხოვნის ეფექტურ და მოსახერხებელ გადაწყვეტას შორის. მთელი ინდუსტრიის დიგიტალიზაცია ადვილი საქმე არ არის და კარგია, როცა აფასებენ შენს ძალისხმევას.

 

გამარჯვებულები 2023 წლის 8 ივნისს გამოვლინდებიან.

 


როგორ ხედავთ და აფასებთ ბიზნესავიაციის მომავალს და რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

 

დღევანდელ ბიზნესავიაციაში, როცა მუდმივად გამოწვევების წინაშე ვართ, გრძელვადიან პერსპექტივაზე ფოკუსირება რთულია და სჯობს ეს სამომავლოდ გადადო.

 

ბიზნესავიაცია უზარმაზარ ძალისხმევას დებს, რომ 2050 წლისთვის „ნახშირბადის ნეიტრალიტეტს“ მიაღწიოს. ერთადერთი ხელმისაწვდომი ვარიანტი დღეს მდგრადი საავიაციო საწვავია (Sustainable Aviation Fuel – SAF), მაგრამ ის უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მიმდინარე ეტაპზე, ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა SAF-ის ფართოდ ხელმისაწვდომობისთვის საკმარისად არ არის განვითარებული და ფასები არ არის კონკურენტუნარიანი.

 

საერთაშორისო მთავრობებმა სტიმული უნდა მისცენ ამ მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას და მდგრად საავიაციო საწვავზე მოთხოვნის გაზრდას.

 

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ჩვენს ინდუსტრიას აქვს არის ის, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ რომ ბიზნესავიაცია საერთაშორისო მოგზაურობის ყველაზე მოქნილი და ეფექტური საშუალებაა და მხოლოდ ფუფუნებასა და ელიტარულ მოგზაურობას არ ეხება.

 

საავიაციო სექტორი ჯერ კიდევ Covid-19-ის პანდემიისგან მიყენებული ზიანის მოგვარების პროცესში იყო, როდესაც უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან პრობლემებს შეეჯახა.

 

აშკარაა, რომ ბაზარი შენელდა და, სამწუხაროდ, ასეც გაგრძელდება. ამისთვის საკმაოდ კომპლექსური მიზეზები არსებობს: ეკონომიკური ზრდის სათუოობა, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლები, ეკონომიკური მომავლისა და პოლიტიკური ვითარების გაურკვევლობა. ეს ფაქტორები გადამწყვეტ გავლენას მოახდენენ ბიზნესავიაციის მომავალზე, სულ მცირე, მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

 

თუმცა, როგორც ბიზნესმენს არ მჯერა იმის, რომ ახალი პროექტის დასაწყებად იდეალური დროა საჭირო. საუკეთესო დრო ყოველთვის ახლაა. მე ვეძებ კავშირებს, ვეძებ გადაწყვეტილებებს. ბოლოს და ბოლოს, ანტერპრენერობა ხელსაყრელ დროს მოქმედება არ არის, ანტერპრენერობა ეს აზროვნებაა.

 

რაც შეეხება გეგმებს - ჩვენ ორიენტირებული ვართ საინვესტიციო რაუნდის დახურვაზე Mirai Flights-ისთვის. დიდი დაინტერესება გვქონდა ახლო აღმოსავლეთის ინვესტორებისგან, რაც აჩვენებს ამ რეგიონის უზარმაზარ როლს ვენჩურული ინვესტიციების სფეროში, რომელიც აჭარბებს ევროპას. ჩვენ ვგეგმავთ 8 მილიონ დოლარამდე თანხის მოზიდვას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციონირებას ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე ხელს შეუწყობს აშშ-ის ბაზრის შესწავლას.



გაქვთ თუ არა საქმიანი ურთიერთობა ან გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით?

 

მინდა დავიწყო იმით, რომ საქართველო არის ის, რაც ვარ მე. ეს ჩემი სამშობლოა და მე არ ვარ მხოლოდ მისი მოქალაქე - საქართველო ჩემი ხასიათის საფუძველია. ჩემმა ოჯახმა გამიზიარა სამი ძირითადი ღირებულება, რომელიც ყველა ქართველს აქვს: ოჯახი, რელიგია და ისტორია. ეს ღირებულებები ჩემს ხასიათშია, ის ბირთვია, რამაც მე ცნობისმოყვარე ადამიანად მაქცია, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის შეცნობა სამყაროში და რომელსაც შეუძლია იყოს ანტერპრენერი, რომელსაც შეუძლია მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები.

 

საქართველო პერსპექტიული ქვეყანაა გრძელვადიანი პროგრესის კუთხით, მაგრამ მას დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ ბიზნესავიაციის ბაზრისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდება. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ რამდენიმე თვითმფრინავია დარეგისტრირებული. ქვეყანაში არსებული აქტივების უმეტესობა კერძო პირების ხელშია, თუმცა მათი კომერციული ექსპლუატაციის საშუალება არ აქვთ.



მე მაქვს ბიზნესი, Avia Capital, რომელიც არის ჩემს მიერ ლონდონში დაფუძნებული Quantumvia-ს რეგიონული ვერსია. დაინტერესებული ვარ ადგილობრივი პროდუქტების განვითარებაში დახმარებით. სამომავლოდ მსურს მოვიზიდო ადგილობრივი მეწარმეები და ბიზნესმენები, რომლებსაც შეუძლიათ საჰაერო ხომალდების კომერციული ექსპლუატაციისთვის უზრუნველყოფა.

 


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up