„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ყოფილი პრემიერის მისამართით მედიასთან გაკეთებულ განცხადებას, რომ გიორგი გახარიას მეტსახელი ,,ბოლი“ იყო, ,,კომერსანტთან“ საუბარში ბიზნესმენები აფასებენ. არის თუ არა გახარია „ბოლი“, როგორი იყო მისი დამოკიდებულება ბიზნესთან - ბიზნესომბუდსმენობიდან მოყოლებული და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ყველაზე კარგად ცნობიოლია იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებსაც, პირდაპირ თუ ირიბად, გიორგი გახარიასთან მეტნაკლებად უწევდათ შეხება.
ერთ-ერთი ასეთია ,,ალბატროსის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, რომელსაც ყოფილი პრემიერის მიმართ არცთუ სასიამოვნო დამოკიდებულება აქვს. ამის მიზეზი, როგორც ბეგიაშვილი აცახდებს, კომუნიკაციის დეფიციტია, რასაც ბიზნესების უმეტესობა წლების განმავლობაში განიცდის.
,,ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. თამამად შეიძლება თქმა, რომ უშედეგო იყო ამ პოსტზე მისი საქმიანობა. პრემიერ-მინისტრობის დროს კი გახარიას ჰყავდა გარკვეული ბიზნესმენების ჯგუფი, ვისთანაც ურთიერთობდა, დანარჩენებს მასთან კომუნიკაციის ელემენტარული საშუალება არ ჰქონდათ, რასაც ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. ვერ ვიტყვი, რომ რამეს დამპირდა, არაფერს, მაგრამ არც არაფერი გაუკეთებია“, - აცხადებს ბეგიაშვილი და დასძენს, რომ თვითონ მოქმედი ხელისუფლებისთვის დიდი პრობლემაა ნეგატიური შეფასებები ყოფილი თანაგუნდელის მიმართ, რაც მოწმობს, რომ გუნდში არაჯანსაღი დამოკიდებულებებია.
,,ის, რომ გიორგი გახარიას ზედმეტსახელი ,,ბოლი“ იყო და ეს გაჟღერდა, ცუდი რამის მანიშნებელია. გამოჩნდა, რომ, მმართველ გუნდში არაჯანსაღი დამოკიდებულებებია. ცხადია, მე ჩემი აზრი გამაჩნია ამ ადამიანის მიმართ, მაგრამ კობახიძის დამოკიდებულება კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ გამოჩნდება, ვის რა მეტსახელით მოიხსენიებენ, კიდევ წამოცდებათ. დღესაც ეყოლებათ ისეთი, რომელსაც თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ზედმეტსახელს დაარქმევენ. არ შეიძლება ასე იყოს. მესმის, გახარიამ ვერაფერი გააკეთა, შეიძლება, მართლაც ,,ბოლი“ იყო, მაგრამ 30 წელია ბიზნესში ვარ და ერთი ადამიანი არ მახსოვს, ხელისუფალი, ვინც რამე გააკეთა. საზღვარგარეთ ვცხოვრობდი დიდი ხანი - შვეიცარიაში, მთელი რიგი ბენეფიტებია, ბიზნესი და ბიზნესმენები საზოგადოების წამყვან ძალად მიიჩნევა, პრივილეგირებული არიან, რის შესაძლებლობასაც ქართული ბიზნესი მოკლებულია“, - დასძენს დავით ბეგიაშვილი.
მეტიც, ბიზნესმენ კობა ნაყოფიას განცხადებით, მმართველ გუნდში ბევრი მატყუარაა, რომელიც ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ,,აბოლებს“, ამ სიტყვის კობახიძისეული განმარტებით.
,,ირაკლი კობახიძე და გახარია ,,ქართული ოცნების“ განშტოებებია. ერთიც და მეორეც, ცხრა წელიწადია, მოსახლეობას და ბიზნესს რიგრიგობით ატყუებენ. ახლა კი ერთმანეთს დაერივნენ, როცა ბიზნესისთვის არც ერთს ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, არაფერი გაუკეთებია. ახლაც ცდილობენ, ,,დააბოლონ“ მოსახლეობა და დაარწმუნონ, რომ წამლის ფასებს შეამცირებენ, ახლა გაახსენდათ! იგივე არაფრისმომცემი განცხადება გაკეთდა ყურძნის ფასთან დაკავშირებითაც. არც ერთი დაპირება არ არის შესრულებული, ამის გამო ქვეყანა სიღატაკის ზღვარზეა“, - აცხადებს ნაყოფია.
ჩვენს მიერ გამოკითხული ბიზნესმენებიდან კომპანია ,,ყაზბეგის“ დამფუძნებელი გოგი თოფაძე ერთადერთია, რომელმაც განაცხადა, რომ გახარიას არ იცნობს და ვერ დაადასტურებს, რამდენად შეეფერება მას ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გასაჯაროებული მეტსახელი.
,,გახარიასთვის უჩვეულო არაფერი შემიმჩნევია. წესიერად იქცეოდა პარლამენტში. რაც ითქვა და მოხდა, ჩემი საქმე არ არის. კობახიძის ნათქვამი რომ დავადასტურო, ყოფილ პრემიერს უნდა ვიცნობდე, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ გვქონდა, არც ომბუდმესმენის თანამდებობაზე ყოფნისას, არც შემდეგ, როცა პრემიერ-მინისტრი გახდა. არ ვიცი, შერქმეული სახელი რით დაიმსახურა და მართლა არის თუ არა მატყუარა “, - აღნიშნა თოფაძემ.
ის, რომ გახარიას ზედმეტსახელი გუნდის შიგნით ,,ბოლი იყო, როგორც ვიცით, საზოგადოებისთვის ირაკლი კობახიძისგან გახდა ცნობილი.
„სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქი-ბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ერთ-ერთ გადაცემაში.
გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 18 თებერვალს დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მიზეზად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. მოგვიანებით გახარია ახალი პოლიტიკური პარტიით „საქართველოსთვის“ დაბრუნდა პოლიტიკურ არენაზე.
მარი ჩიტაია