გუდაურის მსგავსად, ბაკურიანშიც წლის მიწოდების პრობლემა ჰქონდა დაბის მხოლოდ მცირე ნაწილს. ორი მთავარი გამოწვევა იყო სასტუმროები „მგზავრები“ და „პანორამა“, სადაც მიმდინარეობს ალტერნატიული წყლის მიწოდების სამუშაოები, პარალელურ რეჟიმში კი ხდება წყალმზიდების გამოყენება, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ.
„ყველა გატარებული და მიმდინარე ღონისძიების შედეგად ვიმედოვნებთ რეზერვუარის იმ დონეზე შევსებას, როცა წყალიც და წნევაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს საჭირო მოთხოვნები,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, რომ კლიმატურმა ფაქტორებმა და სხვა სახის გამოწვევებმა შექმნა იმის საჭიროება, რომ უკვე დამატებითი ჭაბურღილები მოეწყოს და არსებობდეს წყლის მიწოდების ალტერნატიული წყაროები.
„გარდა ამისა მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები: სათავე ნაგებობა და რეზერვუარი დასრულდა 2017 წელს და 2018 წელს შევიდა ექსპულატაციაში გუდაურში. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა ბაკურიანშიც და მათ შორისაა შემოვლითი გზის მშენებლობა. მიმდინარეობს და წელს ინტენსიურ რეჟიმში წარიმართება სამუშაოები გუდაურის კანალიზაციასთან დაკავშირებით, რომ აღარაფერი ვთქვათ საუკუნის პროექტზე, რომელიც უკავშირდება ქვეშეთი-კობის ახალი მისასვლელი გზისა და 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას,“ - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.
მისივე თქმით, ბევრი პრობლემა გამოწვეულია მთიან კურორტებზე განაშენიანების მაღალი ტემპით, რასაც მთავრობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობით პასუხობს და ეს პროცესი ინტენსიურ რეჟიმში შედის.