2022 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით (225.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.0% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.5% მოდიოდა.
ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც ივნისში 231.4 მილიონი გადმოირიცხა. ეს წინა წელთან შედარებით 492%-ით მეტია. მეორე პოზიციას იკავებს იტალია, საიდანაც 35.6 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 12%-ით არის გაზრდილი. 27.7 მილიონით მესამე პოზიციაზეა აშშ, საბერძნეთი კი 18.8 მილიონით მეოთხე პოზიციას იკავებს.
2022 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.6 მლნ აშშ დოლარი (87.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივნისის (26.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.7%-ით მეტია.
მოამზადა ნინო თამაზაშვილმა