უკრაინის წინააღმდეგ ომის განმავლობაში, რუსეთმა დაახლოებით 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც რუსეთის წლიური ბიუჯეტის თითქმის მეოთხედია. მონაცემებს ჟურნალ Forbes-ის უკრაინული რედაქცია აქვეყნებს.
გამოცემის მიხედვით, ეს თანხა მოიცავს პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც აუცილებელია უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის მხარდასაჭერად, სტაბილური თავდაცვის ხარჯებისა და სანქციების შედეგად ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის გათვალისწინების გარეშე.
Forbes წერს, რომ ომის გასაგრძელებლად კრემლს მეტი ფული დასჭირდება ნავთობისა და გაზის ექსპორტის შემოსავლების შემცირების, ევროკავშირის გაზის ბაზრის უმეტესი ნაწილის დაკარგვისა და რუსულ ნავთობზე სანქციების ფონზე, რომელიც დეკემბრიდან შევა ძალაში.
ანალიტიკოსების აზრით, შემოდგომაზე რუსეთისთვის ომის ხარჯები გაორმაგდა.
რუსეთი საშუალოდ დღეში 200 დოლარს ხარჯავს ერთ ჯარისკაცზე. საომარ მოქმედებებში ჩართული სამხედროებისთვის ხელფასის ჯამური ღირებულება, მობილიზაციის შემდეგ, თვეში დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარია. თუ ზაფხულში დაღუპულთა და დაჭრილთათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა თვეში დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ომის ბოლო თვეში თანხამ 3.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
საერთო ჯამში, უკრაინის წინააღმდეგ ომის ცხრა თვეში რუსეთმა 20.8 მილიარდი დოლარის ტექნიკა დაკარგა.