საქართველოს ეროვნულმა ბანკმა XBRL საინფორმაციო სისტემის გამოყენების წესი დაამტკიცა, რომელიც გამოყენებული იქნება კომერციული ბანკების მიერ პორტალის ვალდებულებების სექციაში განსაზღვრული ანგარიშგებების, ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოსადგენად. კობა გვენეტაძის №89/04 ბრძანების მიხედვით, კომერციული ბანკების მიერ ამ წესით განსაზღვრული პორტალით სარგებლობის ვალდებულება 1-ლი ოქტომბრიდან შევა ძალაში.
როგორც „კომერსანტს“ სებ-ში განუცხადეს, ეროვნულმა ბანკმა ევროპულ საზედამხედველო პრაქტიკასთან დაახლოების ფარგლებში XBRL დანერგა, რაც ავტომატიზაციის გზით საზედამხედველო პროცესში ადამიანური ფაქტორის რისკს ამცირებს
„დღევანდელ მსოფლიოში ინფორმაცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს და მისი სწორი ანალიზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზაციებისთვის. მონაცემების მოცულობის ზრდასთან ერთად იზრდება მის დამუშავებასთან დაკავშირებული გამოწვევები. ანგარიშგებების ცხრილების სახით გაცვლა ყველაზე პოპულარულია მსოფლიოში და მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით გაცვლილი ინფორმაციის წაკითხვა ბიზნეს მომხმარებლებისთვის ყველაზე მოსახერხებელია, მანქანისთვის ცხრილების დამუშავება გამოწვევას წარმოადგენს, რადგან არ არსებობს მანქანის მიერ წაკითხვადი წესების ნაკრები. შედეგად საჭირო ხდება პროცესში ადამიანური ჩარევა. ეს კი მეტი დროითი რესურსის დახარჯვასა და არაზუსტი ინფორმაციის მიღების რისკთან არის დაკავშირებული“, - განმარტავენ სებ-ში.
ქვეყნის ცენტრალური ბანკში აცხადებენ, რომ ცხრილების ფორმით გაცვლის სისუსტეები ბიძგი აღმოჩნდა ახალი სტანდარტის განვითარებისთვის, როგორიცაა XBRL (Extensible Business Reporting Language).
XBRL სტანდარტი თამაშობს შუამავლის როლს ბიზნეს მომხმარებლებსა და მანქანას შორის. XBRL განსაზღვრავს ანგარიშგების ელექტრონულ ფორმატს, რომელიც მანქანას საშუალებას აძლევს შექმნას, გაატაროს ვალიდაცია და დაამუშაოს ანგარიშგებები ავტომატურად. პრაქტიკაში ეს გულისხმობს შემდეგს - ზედამხედველი ქმნის ტაქსონომიას, რომელშიც აღიწერება ანგარიშგებაში არსებული ინფორმაციის თითოეული ნაწილი და შევსების წესები.
საზედამხედველო სუბიექტი წარადგენს ანგარიშგებას, წარდგენისთანავე ავტომატურად მოწმდება ანგარიშგების ვალიდურობა ზედამხედველის მიერ განსაზღვრული წესების მიმართ. შედეგები კი დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი ხდება როგორც მარეგულირებლის ასევე საზედამხედველო სუბიექტისთვის (საწყის ეტაპზე XBRL სტანდარტით ანგარიშგება ხდება მხოლოდ კომერციული ბანკების მიერ).
XBRL სტანდარტის დანერგვა ამცირებს ადამიანური და დროითი რესურსის დანახარჯებს, ასევე ამაღლებს გაცვლილი ინფორმაციის ხარისხს, რაც თავის მხრივ სწორი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს ქმნის.
XBRL-ის გამოყენებით მონაცემების გაცვლის დროს მარეგულირებელი საკმაოდ მოქნილია მეთოდოლოგიის გამოყენებაში. სებ-ის მიერ არჩეული იქნა ევროპის საბანკო ასოციაციის მიერ შექმნილი მეთოდოლოგია, ევროპულ საზედამხედველო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით.
„საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც XBRL ანგარიშგებებს იღებს, არამხოლოდ ევროპის საბანკო ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ტაქსონომიის შესაბამისად, არამედ ადგილობრივი ანგარიშგებების ტაქსონომიებს ქმნის ევროპული მეთოდოლოგიის გამოყენებით. საშუალო ვადიან პერიოდში იგეგმება საზედამხდველო ანგარიშგებების მიმოცვლის სრულად XBRL სტანდარტზე გადაყვანა“, - აცხადებენ სებ-ში.