მოახდენს თუ არა დადებითი გავლენას ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა 2022 წელს უმშევრობასა და სიღარიბეზე?
2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა, ხოლო სიღარიბე შემცირდა. 2022 წლის 5 თვეში კი ეკონომიკურმა ზრდამ 11,2% შეადგინა. ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ 2022 წელს ეკონომიკა დაგეგმილზე უფრო მაღალ ნიშნულამდე გაიზრდება. ფინანსთა მინისტრი ამბობს რომ ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არის პოზიტიური მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზი შეიცვლება. ასეთი იმედები აქვთ ლევან დავითაშვილსა და ლაშა ხუციშვილს.
ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია განმარტავს, თუ რასთან გვაქვს საქმე, როცა სიღარიბე მცირდება და უმუშევრობა იზრდება?
„სოციალური მდგომარეობა რომ შევაფასოთ, ერთია, რომ სიღარიბის დონე შემცირდა, მაგრამ უმუშევრობასთან ერთად გაიზარდა ინფლაცია, რაც მაღალი მაჩვენებელია. უკვე ერთწლიან დინამიკაში ინფლაცია ორნიშნაა. ეს ნიშანავს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება და უფრო უძვირდებათ ცხოვრება. აქ საინტერესოა, სიღარიბის საერთაშორისო ზღვრები, რაც გაეროს მიერაა შედგენილი. სიღარიბის დონე $5,5 მიმართებით. ანუ მოსახლეობის რა პროცენტს აქვს $5,5 -ზე ნაკლები შემოსავალი დღეში. 2020 წლის მაჩვენებელი ცნობილია. 2021-ის ჯერ არ გამოქვეყნებულა. 2020 წლის მონაცემები, მოსახლეობის 46,6% დღეში $5,5 შემოსავალი აქვს. ეს რომ ლარში გადავიტანოთ, დაახლოებით გამოდის, რომ მოსახლეობის 46,6%-ს ყოველთვიურად ჰქონდა დაახლოებით 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი. ეს საკმაოდ დაბალი Მმაჩვენებელია, საშუალო ხელფასის დონეს თუ შევადარებთ. გაზრდილია უმუშევრობის დონე, გაზრდილია ინფლაციის მაჩვენებელი, რაც აისახება რეალური შემოსავლების დაბალ დონესთან. ეს მიუთითებს იმაზე რომ სოციალური ფონი ქვეყანაში სახარბიელო არ არის“, — ამბობს მაკალათია.
რაც ეხება საკითხს, რომ 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა და ამ ფონზე რატომ არ მცირდება სიღარიბე და უმუშევრობის დონე, მაკალათია ამბობს, რომ „წინა პერიოდებში მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოწვეული იყო იმით, რომ 2020 წელს კლება იყო ორნიშნა, ამიტომ მივიღეთ ასეთი ეკონომიკური ზრდა. თანაც, ეკონომიკური ზრდა ეგრევე არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. Ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან პერიოდში, რომ მოსახლეობამ რეალურად იგრძნოს ცხოვრების დონის ზრდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და როდესაც მცირე გარდასახვები ხდება და ახალი პროდუქტები ემატება, ეს იწვევს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ რიცხვებია და ჩვენთვის ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, ქვეყნების რეიტინგში ასეულს მიღმა ვართ, ვერ ვმდიდრდებით.
ეკონომიკური ზრდა ყოველთვის გვექნება, იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის იქმნება. მაგრამ სწორება უნდა გავაკეთოთ იმაზე, თუ რა პოტენციალი გვაქვს და რამდენად ავითვისეთ. ათვისებული პოტენციალი კი დაბალია. მთლიანი ეკონომიკური აქტივები, ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწები, ურბანული მიწები შენობებით, წყლისა და ტყის რესურსი, სახელმწიფო საწარმოები... დაახლოებით 70-80% დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია. Რაც ნიშნავს, რომ ეს აქტივები გაჩერებულია, სახელმწფოს ხელშია და ეკონომიკაში არაა ჩართული... არ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, არ ასაქმებს ადამიანებს. რეალურად თუ გვინდა მართლა დასავლური ეკონომიკის ქვეყანა გავხდეთ და იმ ტენდენციებს გავყვეთ, ეს აქტივები უნდა იყოს კერძო საკუთრებაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩაერთვება ეკონომიკაში, ახალი პროდუქტები შეიქმნება, ბიზნესი დაიწყება და ცხადია ეს დასაქმების დონეზეც დადებითად აისახება. ესაა ერთად-ერთი გამოსავალი რომ ეკონომიკა განვითარდეს. სხვა სამთავრობო პროგრამები ფურცელზეა დაწერილი და რეალურ შედეგებს ვერ მოგვცემს“, — აცხადებს ეკონომისტი და დასძენს, რომ სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკა მცირე ტემპით იზრდება, იმისთვის რომ მოსახლეობამ ეს საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს.
მომზადებულია europetime-ის მიხედვით.