მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე თბილისში ზონალური პარკირების 736 აბონემენტი გაიყიდა.
“ინტერპრესნიუსის” მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში გაყიდული აბონემენტებიდან 209 არის 1-წლიანი, 401 - 1-დღიანი; 1-კვირიანი - 50; 1-თვიანი - 20; 6-თვიანი - 56.
რაც შეეხება პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობას, 1-ელი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე 155 853 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.
ინფორმაციისთვის, 1-ელი ივლისიდან, საბურთალოსა და ისნის რაიონებში ზონალური საათობრივი პარკირება ამოქმედდა, 1 საათის საფასური 1 ლარია, პარკირებისთვის კი, 1751 ადგილი გამოიყო.
ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირთათვის და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, პარკირება უფასოა.
რაც შეეხება პარკირების აბონემეტებს, ზონალური პარკირების საფასური დროის მონაკვეთის მიხედვით ასეთია: 1 დღე 20 ლარი (გადახდის მომენტიდან 24-საათის განმავლობაში); 1 კვირა - 100 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 6 კალენდარული დღის განმავლობაში); 1 თვე - 300 ლარი ( გადახდის მომენტიდან შემდეგი თვის შესაბამისი რიცხვის ჩათვლით); 6 თვე - 500 ლარი (გადახდის მომენტიდან მომდევნო 182 კალენდარული დღის განმავლობაში); 1 წელი - 800 ლარი (გადახდის მომენტიდან შემდეგი წლის შესაბამის კალენდარულ დღემდე).