1-ელი სექტემბრიდან მსესხებლებს 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების აღების უფლება ექნებათ. აღნიშნული ცვლილება ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის მიმდინარე წლის 15 ივლისს გამოსცა.
ცვლილების მიხედვით, 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების აღება მხოლოდ სავალუტო დეპოზიტების მქონე პირებს ეხება.
„კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 (ორასი ათასი) ლარამდე სესხები/საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხი/საბანკო კრედიტი სრულადაა უზრუნველყოფილი ფულადი სახსრებით იმავე ვალუტაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზნებისთვის, სესხის გაცემის შედეგად ამავე გამსესხებლის მიმართ მსესხებლის ჯამური ვალდებულებების დათვლისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფილი ვალდებულებები,” - ნათქვამია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.
შეგახსენებთ, 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხების გაცემა აკრძალულია.