კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით 42 განაცხადი შევიდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ აქედან 6 საქმეზე უწყებამ მოკვლევა უკვე დაიწყო.
„მიღებული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეადგენს 60%-ს, ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან დაბრუნება 28%-ს, აგრესიული კომერციული საქმიანობის აკრძალვა 5%-ს, ნივთის უპირობოდ დაბრუნება 5%-ს, ხოლო უსამართლო სტანდარტული პირობები 2%-ს.
ერთი თვის განმავლობაში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 80%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, ამ ეტაპზე, თბილისი 96%-ით ლიდერობს.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი ნოემბრიდან, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, განცხადებების მიღება და განხილვა დაიწყო.