თანამედროვე ქალაქებში ათასობით და ზოგ შემთხვევაში, მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. დიდ ქალაქებში ადამიანები გადაადგილებაში ყოველდღიურად საკმაოდ დიდ დროს ხარჯავენ. ამასთან, პანდემიის გამო ადამიანები შორ მანძილზე გადაადგილებას ერიდებიან.
სწორედ ეს გახდა ე.წ. „15-წუთის ქალაქების“ იდეის ინსპირაცია, რომელიც შეცვლიან ცხოვრებას მომავალში.
სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის, კარლოს მორენოს იდეის მიხედვით, საცხოვრებელი სივრცეები ე.წ. 15 წუთის პრინციპით დაიყო, სადაც ადამიანებს ყველაფერი მაქსიმუმ 15 წუთის სავალ გზაზე უნდა ჰქონდეთ. იქნება ეს სამსახური, სკოლა, რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები და მომსახურების ცენტრები თუ სხვა.
როგორც ჩანს, პროფესორის იდეით ბევრი დაინტერესდა. CNN აქვეყნებს სტატიას, სადაც საუბარია სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის მსგავსი ტიპის ქალაქად გადაქცევაზე.
გამოცემის მიხედვით, სეულის შემთხვევაში კონცეფცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანეს და 15 წუთის ნაცვლად, სეულის ერთ-ერთი ინდუსტრიული რაიონი „10-წუთის“ ქალაქად გადაიქცევა.
გეგმის მიხედვით, ახალ დასახლებას Project H1 ერქმევა, რომელიც 0.5 კვ.კმ. ტერიტორიაზეა განთავსებული. დასახლებაში 8 დიდი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. აქ ასევე მოეწყობა სპორტული დარბაზები, საცურაო აუზი, ურბანული ბაღები და სხვა.
როგორც ცნობილია, დასახლება ავტომობილებისგან მთლიანად თავისუფალი იქნება, მისი მცხოვრებლები ფეხით გადაადგილდებიან შენობებამდე, რომლებიც მაქსიმუმ 10 წუთის მანძილზე იქნებიან.
CNN წერს, რომ გამწვანება, ჯანსაღი ცხოვრება და განახლებადი რესურსებისგან ელექტროენერგიის მიღება დასახლების მთავარი პრიორიტეტები იქნება.
საცხოვრებლებში გამოყენებული წყალი გაიფილტრება და მცენარეების მოსარწყავად გამოიყენება. შენობებზე განთავსებული მზის პანელები კი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.
იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ პროექტი მალე განხორციელდება და ერთი უბნის შემდეგ მსგავსი დასახლებები მთელს სეულში მოეწყობა.
რა არის „15-წუთის ქალაქები“?
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან, არაერთ ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები, შემოიღეს კომენდანტის საათი, შეიზღუდა ტრანსპორტით გადაადგილება, ადამიანებს სახლიდან შორს წასვლა აეკრძალათ და სხვა.
შედეგად კი, თითოეული ჩვენგანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა იმაზე გაცილებით მოკლე დისტანციას გავდივართ ყოველდღე, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. ამასთან, ავტომობილებით ნაკლებად გადაადგილებამ ჰაერის გაჯანსაღება და ქაოტური ქალაქების შედარებით „დამშვიდება“ გამოიწვია.
Euronews-ის ინფორმაციით, სწორედ ეს გახდა სორბონის უნივერსიტეტის პროფესორის, კარლოს მორენოს იდეის ინსპირაცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ „15-წუთიანი ქალაქების“ კონცეფცია წარადგინა.
პროფესორის იდეა შემდეგში მდგომარეობს: იმის გამო, რომ ადამიანები სახლიდან სამსახურამდე მისასვლელად და სხვადასხვა მომსახურების მისაღებად ყოველდღიურად ძალიან დიდ დროს ხარჯავენ, აუცილებელია საცხოვრებელი სივრცეები ე.წ. 15 წუთის პრინციპით დაიყოს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს ყველაფერი მაქსიმუმ 15 წუთის სავალ გზაზე უნდა ჰქონდეთ. იქნება ეს სამსახური, სკოლა, რესტორანი, სავაჭრო ცენტრი, სხვდასხვა ტიპის მაღაზიები და მომსახურების ცენტრები თუ სხვა.
შესაბამისად, ისინი ყოველ დღე დიდ დროს დაზოგავენ და ამასთან, მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის ნაკლებად გამოიყენებენ ავტომობილებს. ეს კი თავის მხრივ, ქალაქებს საცობებისგან, ხმაურისგან და დაბინძურებისგან დაიცავს.
„ისეთ ქალაქებში, როგორიც პარიზია, მთელი დღის განმავლობაში შენობათა 60-70% ცარიელია. საჭიროა ამ სივრცეების სწორად გამოყენება, რათა ადამიანებს ძალიან შორს გადაადგილება არ უწევდეთ“,- აცხადებს პროფესორი.
კარლოს მორენო მიიჩნევს, რომ ამ იდეის განსახორციელებლად სულაც არ არის აუცილებელი ახალი ქალაქების აშენება და ის ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოეწყოს.
პროფესორის თქმით, მთავარის სივრცის სწორად განაწილება და გენერალური გეგმის შედგენა. მისი აზრით, აუცილებელია ქალაქის თითოეულ უბანში განთავსდეს დიდი საოფისე სივრცეები, სადად ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მუშაობას, თითოეულ უბანს ჰქონდეს დიდი სავაჭრო ცენტრი, სადაც ყველა საჭირო ნივთის შეძენას შეძლებს და ა.შ.
„დღევანდელ ქალაქებში ძალიან დიდი უთანასწორობაა. გარეუბნებში ღარიბები ცხოვრობენ, რადგან იქ ცხოვრება შედარებით იაფია. ჩვენ ვეუბნებით მათ გამოიყენე მატარებელი, და დახარჯეთ სულ მცირე 1 საათი სამსახურამდე მისასვლელად, რაც არასწორი მიდგომაა. „15-წუთის ქალაქებს“ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლიათ“,-აცხადებს ის.
წყარო: bpn.ge