მიმდინარე წლის 11 თვეში მთავრობამ სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან 156,6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც პრივატიზაციის გეგმის 52.2%-ია. 2022 წელს პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 300 მლნ ლარი უნდა შევიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა პრივატიზაციის გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მისი კორექტირება ამ დრომდე არ მომხდარა.
ბიუჯეტის შესრულების 11 თვის ანგარიშის თანახმად, ძირითადი აქტივების გაყიდვიდან შემოსულობებმა შეადგინა 134 მლნ ლარი, რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის თითქმის ნახევარია, გეგმის მიხედვით ეს თანხა 270 მლნ ლარი უნდა იყოს. მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა კი 22.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის 75.2%-ია.
რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს, 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მომავალ წელს მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის შემოსავალს ელის.