საქართველოში საფონდო ბირჟა წლებია უმნიშვნელოდ ფუნქციონირებს, წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად არც გარიგებების მოცულობა და არც რაოდენობა იცვლება. თუმცა, გასულ წელს, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, სავაჭრო სესიებზე „ლიბერთიმ“ 1 253 958 ცალი აქცია გაასხვისა, რომელთა საერთო ღირებულებამ 12 659 ლარი შეადგინა. აქციების საშუალო შეწონილი ფასი 12-დან 119 თეთრამდე მერყეობდა.
რაც შეეხება არასაბირჟო გარიგებებს, 2022 წელს 7144.69 ლარის „ლიბერთი ბანკის“ 689 469 ცალი აქცია გასხვისდა. 3 გარიგების დროს, საშუალო შეწონილმა ფასმა 1-დან 12 თეთრამდე შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს სავაჭრო სესიებზე მხოლოდ 19 გარიგება დაიდო, აქციების რაოდენობამ 1 253 978, ხოლო ღირებულებამ 13 619.37 ლარი შეადგინა. გასულ წელს მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“, საქართველოს ბანკის, საქართველოს სალიზინგო კომპანიის და „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ აქციებზე დაიდო გარიგება. რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, 2021 წელს გარიგებების რაოდენობა 14, თუმცა ჯამური ღირებულება 104 077.71 ლარი იყო.