სანქციების გამო რუსეთს ენერგეტიკიდან შემოსავლები 14 თვიან მინიმუმამდე შეუმცირდა, ამის შესახებ Bloomberg წერს. სააგენტოს ცნობით, დასავლეთის სანქციების ფონზე ბევრმა ევროპელმა მყიდველმა რუსულ ნავთობს ზურგი აქცია. შედეგად, კრემლი იძულებული გახდა აზიის ბაზრებზე ნავთობი მნიშვნელოვანი ფასდაკლებით გაეყიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაზის ფასები რეკორდულად მაღალი იყო, გაზიდან შემოსავლებმა სრულად ვერ აანაზღაურა ნავთობის შემოსავლების შემცირება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში გაზპრომმა მნიშვნელოვნად შეამცირა ევროპაში გაზის ექსპორტი უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებულო სანქციების საპასუხოდ.
ნავთობისა და გაზის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტის მესამედზე მეტს შეადგენს, გასულ თვეში 671,9 მილიარდ რუბლამდე (11,1 მილიარდი დოლარი) დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის ივნისის შემდეგ.
ეს არის თითქმის 13%-იანი ვარდნა ივლისთან შედარებით და 3.4%-ით კლება გასულ წელთან შედარებით, თუმცა Urals-ის ნავთობის ფასი თითქმის 10%-ით გაიზარდა.
როგორც RBC იუწყება ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში რუსეთში ნავთობისა და გაზის შემოსავლების ყოველთვიური ვარდნა გადასახადების გადახდის წესებით არის განპირობებული. რუსი ნავთობის მწარმოებლები, როგორც წესი, საშემოსავლო გადასახადს წინა კვარტალში აპრილში, ივლისში, ოქტომბერში და იანვარში იხდიან. შედეგად, მან ივლისის ნავთობისა და გაზიდან შემოსავლები დამატებით 306,3 მილიარდი რუბლით გაზარდა