„პარაგრაფ თბილისის“ გახსნა 2023 წლის ზაფხულში იგეგმება და მისი საინვესტიციო ღირებულება თავდაპირველი 101 მლნ დოლარიდან 142 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
როგორც „კომერსანტს“ ტურიზმის განვითარების ფონდში განუცხადეს, „მარიოტის უმაღლესი კლასის „Luxury Collection“-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ თბილისის“ პროექტის ვადების უკვე მესამედ ცვლილება მსოფლიოში არსებული ეპიდვითარების გამო მოხდა, რამაც საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია სასტუმრო ინდუსტრიის სფეროზე, განსაკუთრებით კი თბილისში მდებარე სასტუმროებზე.
„მარიოტის უმაღლესი კლასის „Luxury Collection“-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ თბილისის“ გახსნა 2023 წლის ზაფხულში იგეგმება. სასტუმროში ამჟამად დასკვნითი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 2023 წლის აპრილის თვის მონაცემებით, პროექტის საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 142 მლნ აშშ დოლარს შეადგენს“, — აღნიშნავენ ტურიზმის განვითარების ფონდში.
სასტუმროს გახსნა თავდაპირველად 2021 წლის პირველ კვარტალში, ხოლო მეორედ 2022 წლის ზაფხულისთვის იგეგმებოდა. განსხვავებული იყო პროექტის საინვესტიციო ღირებულებაც, თავდაპირველად 101 მლნ დოლარის ინვესტირება იგეგმებოდა, თუმცა 2022 წელს ის 120 მლნ დოლარამდე გაიზარდა, დღევანდელი ინფორმაციით კი პროექტის საერთო ჯამური ინვესტიციის მოცულობა 142 მლნ დოლარს შეადგენს.
სასტუმროში იფუნქციონირებს ექვსი კატეგორიის 220 ნომერი, საკონფერენციო, შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა, ფიტნეს ცენტრი და საცურაო აუზი. პროექტი, ეკოლოგიურად სუფთა საბაგირო საშუალებით დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე მასშტაბურ პროექტს და თაბორის მთაზე არსებულ სასტუმრო „პარაგრაფს და გოლფ კლუბს.