ფინანსთა მინისტრმა „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესი“ დაამტკიცა, რომელიც 2023 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება.
„მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესი“ მიხედვით, მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირი არის ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს.
აღნიშნული სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებას განიხილავს შემოსავლების სამსახური, ხოლო საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებას, შემოსავლების სამსახურის წარდგინებით, ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ფიზიკურ პირს საქართველოს რეზიდენტობა ენიჭება იმ შემთხვევებში, თუ:
ა) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას და აქვს ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
ბ) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების ქონებას და ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი.
საქართველოს რეზიდენტობის მისაღებად ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:
ა) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ექკვივალენტს ლარში ქონებას და ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი წლიური შემოსავალი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 საგადასახადო წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს, ასევე საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში ქონებას და ბინადრობის ნებართვა/ბინადრობის მოწმობა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან
გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს, მათ შორის, საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში ქონებას და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი; ან
დ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მისი წლიური შემოსავალი განცხადების წარდგენამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს, ასევე საქართველოში ფლობს არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში ქონებას და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ საქართველოში არსებული წყაროდან განცხადების წარდგენამდე ბოლო საგადასახადო წელს მიიღო არანაკლებ 25 000 ლარის შემოსავალი.