2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რის შემდეგაც კონსორციუმმა და მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა ბობ მეიერმა საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართეს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა.
2020 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა უნდა მომზადდეს, ამის შემდეგ საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან კვლევის მომზადების თაობაზე ხელშეკრულებაც გაფორმდა.
ერთი თვის წინ კი ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტში ახალი ინვესტორის მოზიდვის მიზნით განიხილება, რომ მთავრობის მონაწილეობა უფრო მეტად წონადი იქნება.
მთავრობა 2022 წელსაც რომ გეგმავს ანაკლიის პროექტის ირგვლივ ნაბიჯების გადადგმას, ეს ბიუჯეტის პროექტიდანაც ჩანს. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული. საიდანაც 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებაზე 2022 წელს 62 ათასი ლარით მეტი იქნება, ვიდრე წელს იყო და 162 ათასი ლარი გახდება. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მომავალ წელს „გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის განვითარების ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი“, სწორედ ამ მიზანს მოხმარდება აღნიშნული თანხა.
მიუხედავად მთავრობის ოპტიმისტური განწყობისა, რომ ანაკლიის პორტით ახალი ინვესტორის დაინტერესებას და პროეტზე მუშაობის დაწყებას შეძლებენ, შეგახსენებთ, რომ მსგავსი ჩანაწერი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც იყო, მაშინ ასევე ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ „დაიწყება ანაკლიის საზღვაო, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესებაზე, არამედ გაზრდის ქვეყნის როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ცენტრად“.
ჩაშლილ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე საუბრისას ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილე და „ანაკლია სითის“ ყოფილ ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან ტენდერის გამოცხადების შესახებ მუდმივად გვესმის მსჯელობა, თუმცა რაც არსებულ ინვესტორებთან ხელშეკრულება გაწყდა, მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ჯერჯერობით ტენდერი გამოცხადებული არ არის, ამიტომ მოლოდინი, რომ რაიმე მომავალ წელს შეიცვლება, ნაკლებად არსებობს.
„ანაკლიის პორტს ჰყავდა ამერიკელი ინვესტორი, რომელიც, უბრალოდ, ძალიან დაიბნა, რადგან ვერ დაინახა ამ პროექტის მიმართ მხარდაჭერა მაშინდელი პრემიერი გახარიასგან. ახლა კი გამუდმებით გვესმის, რომ ტენდერი ცხადდება, თუმცა რაც არსებულ ინვესტორებთან ხელშეკრულება გაწყდა, მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ჯერჯერობით ტენდერი გამოცხადებული არ არის. ვთვლი, რომ რთული მოცემულობა გვაქვს, რადგან ერთი მხრივ არის არბიტრაჟი, მეორეს მხრივ ასევე ხდება არსებული პორტების გაფართოება, რაც ძველი რიცხვების ხელახლა გადახედვას მოითხოვს და მათ დღევანდელ გამოწვევებთან მისადაგებას, შესაბამისად ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული. ამიტომ თუ დაბალანსება არ მოხდა, არსებულ ინვესტორთან და მომავალ ინვესტორთან, ალბათ ინვესტიციებისგან თავს შეიკავებენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ცუდია. საჭიროა ყველა ვეცადოთ, რომ ეს პროექტი გამოვიდეს და როგორმე მოხდეს შეთანხმება. თავიდანვე უნდა მოხდეს საერთაშორისო ბანკების და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა, რადგან მსგავი პროექტების განხორციელება ასეთი ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. რაც უფრო ადრე ჩაერთვებიან და თავიანთ პირობებს დადებენ, ეს უფრო რეალისტურს გახდის მას. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მთავრობა რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, მათ შორის არც ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კუთხით, ამიტომ მუდმივად იმაზე საუბარი, რომ ტენდერი დღეს ან ხვალ დაიწყება, არაფერს გვაძლევს. ყოველ შემთხვევაში, გარედან არ ჩანს, რომ რაიმე კეთდებოდეს რეალური ინვესტორის მოსაზიდად“, - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.
ანაკლიის ნავსადგური საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გამხდარიყო. ის უნდა აღჭურვილიყო თანამედროვე ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით. უმაღლესი ხარისხის მომსახურებასთან ერთად, ეს ფაქტორები შეუწყობდა ხელს პორტის პროდუქტიულობას, ეფექტიანობასა და საიმედოობას. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და გახსნა 2020 წელს იგეგმებოდა. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად უნდა განვითარებულიყო. ინვესტიციის საერთო რაოდენობა კი $2,5 მლრდ-ს შეადგენდა. პორტის სიღრმე 16 მეტრი უნდა ყოფილიყო, რაც 10 000-კონტეინერიანი (TEU) გემების მიღების საშუალებას მისცემდა მას.
უკვე ჩაშლილი პროექტის პირველ ფაზაზე პორტში შემდეგი ობიექტები უნდა აშენებულიყო:
ნავსადგურის კედელი: 625 მეტრი;
სიღრმე: 16 მეტრი;
ნავმისადგომების რაოდენობა: 2;
კონტეინერების ამწეები: 4-დან 6-მდე;
RTG ტიპის ამწეები: 12-დან 18-მდე;
ჯებირი : 1600 მეტრი;
პორტის ოპერაციების ხანგრძლივობა წელიწადში: 95% +;
ინტერმოდალური ეზო: 800 მეტრის სიგრძის 10 გზა.
ნინო თამაზაშვილი