„ისთ ფოინთში“ 20 მლნ დოლარის ინვესტიციით წელს მეორე ფაზის მშენებლობა იწყება. ახალი სივრცე მოიცავს 15.000 კვ.მ კომერციულ ფართსა და დამატებით 700 საპარკინგე ადგილს, — ამის შესახებ „კვადრუმ ჯორჯიას“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა თეიკო ლომინაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, გაფართოების გადაწყვეტილება კომპანიამ ფართებზე მოთხოვნის ზრდის გამო მიიღო.
„პროექტის იდეა თავდაპირველად 4 წლის წინ გვქონდა, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. დღეს უკვე დადებითმა პროგნოზებმა მოგვცა საშუალება წელს დავიწყოთ მშენებლობა. მშენებლობას დაახლოებით 2 წელი მაინც დასჭირდება.
ისთ ფოინთი ამჟამად მოიცავს 72.000 კვ.მ-ს და აერთიანებს 250-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებს, კინოს, გასართობ ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებს, ასევე პარკინგს 3000-ზე მეტი მანქანისთვის. მეორე ფაზის პრინციპიც ანალოგიური იქნება, იქაც თავმოყრილი იქნება, როგორც საერთაშორისო ბრენდები, ასევე კვების ობიექტები. არქიტექტურული პროექტი უკრაინულმა კომპანიამ მოამზადა“, -ამბობს თეიკო ლომინაძე.
ნინო თამაზაშვილი