ჩვენ ფინანსურ სექტორთან კონსულტაციით მივიღეთ ზომები და რაც შეეხება რუბლებში გადმორიცხვას, ლიმიტია დაწესებული. 2000 დოლარის ექვივალენტის ზემოთ რუბლის გადმორიცხვა შეუძლებელია, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იმის შანსს, რომ შესაძლებელი იყოს მისი განაღდება, შემდეგ გატანა, გადაცვლა და ა.შ. შესაბამისად ამ მხრივაც ზომები არის მიღებული, — ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რუბლის ყიდვა-გაყიდვის და რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ქართულ ბანკებში ანგარიშების გახსნის მაჩვენებლის ზრდის შესახებ.
„ფინანსურ სექტორს მოვთხოვეთ სანქციების დაცვა და დამატებით ფინანსური სანქციების მონიტორინგის განყოფილება შევქმენით და ამ მხრივ მუშაობა ძალიან სკულპულოზულად მიდის. რუბლების შემოსვლა არის გაზრდილი და ეს მოსალოდნელიც იყოს, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ არ მომხდარიყო მისი შემდგომი გადინება იმისთვის რომ დოლარში გადახურდავება მომხდარიყო ჩვენ ზომები მივიღეთ“, — აღნიშნა გვენეტაძემ.
IDFI-ის კვლევის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები გახსნა რუსეთის 45,349 მოქალაქემ. 31 აგვისტოს მდგომარეობით კომერციულ ბანკებში აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი მიახლოებით 60 ათასს აჭარბებს. 2022 წლის 24 თებერვლიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში საკუთარი ანაგარიში გახსნა რუსეთში რეგისტრირებულმა 19-მა იურიდიულმა პირმა.
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი რუსული რუბლის ყიდვა-გაყიდვის მაჩვენებელი. 2022 წლის მეორე კვარტალში ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა იყიდეს 949,8 მილიონი რუბლი, ხოლო გაყიდეს 929,4 მილიონი რუბლი, რაც დაახლოებით სამჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.