2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმეზე პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
20 მაისს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ მეორე სასამართლო პროცესი განახლდა. გამოძიება მას 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებს.
პროკურატურის მტკიცებით, სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხარჯების დადგენილ ზღვარს (22,5 მილიონი ევრო) ორჯერ გადააჭარბა, შემდეგ კი პიარკომპანია დაიქირავა, რათა ეს ხარჯები დაემალა.
66 წლის სარკოზი ბრალდებას არ აღიარებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1 წლამდე პატიმრობა და 3750 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჟერომ ლავრილიომ საჯაროდ აღიარა, რომ პიარკომპანიისთვის გამოყოფილი თანხების გადამისამართება ევალებოდა, და განაცხადა, რომ საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა.
1-ელ მარტს, პარიზის სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო კორუფციასა და „გავლენით ვაჭრობაში“. სასამართლომ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქედან ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით სასჯელს გულისხმობს.
imedinews.ge