2015-2021 წლებში რეალური ხელფასების ზრდა მნიშვნელოვნად ჩამორჩება საქართველოს ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპებს, — ამის შესახებ PMCG-ის მიკრო მიმოხილვაშია აღნიშნული.
PMCG-ის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი ნახევარში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, საშუალოდ 22.9%-ს შეადგენდა, ხოლო 2400 ლარზე მეტი თვიური ხელფასის მიმღებთა წილი კი - 16%-ია. 2022 წლის პირველი ნახევარში, ხელფასის მიმღებთა საშუალო რაოდენობა 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 47 ათასით გაიზარდა.
„BAG დასაქმების ბარომეტრმა და ხელფასის მიმღებთა გაზრდილმა რაოდენობამ, 2022 წლის პირველ ნახევარში შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნა აჩვენა. შესაბამისად, პოზიტიური ცვლილებები აისახა Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულ ვაკანსიებზეც. 2022 წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მათი რაოდენობა 51%-ით გაიზარდა.
ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია ინფლაციის გათვალისწინებით გაანგარიშებულ ხელფასებზე დაკვირვება. საქართველოში 2015 წლიდან 2021 წლამდე ანაზღაურებად დასაქმებულთა ნომინალური ხელფასები 50.7%-ით გაიზარდა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, იმავე პერიოდში ხელფასების ზრდამ მხოლოდ 12.2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მშპ-ს რეალური ზრდა 2015-იდან 2021 წლამდე შეადგენდა 22.4%- ს, რაც 10 პროცენტული ერთეულით აღემატება ინფლაციის გათვალისწინებით გაანგარიშებული ხელფასების ზრდას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახება მუშახელის ხელფასებზე“, — აღნიშნულია მიმოხილვაში.