ზაფხულის სეზონი დასრულდა, სტუმარმასპინძლობის ბიზნესი კი მთელი ეს დრო შიდა ტურიზმის მეშვეობით ცდილობდა თავის გადარჩენას. სეზონის ყველაზე ხალხმრავალი ადგილი წელსაც ბათუმი იყო. როგორც აღმოჩნდა, მათ ვინც საზღვარგარეთ დასვენება ვერ მოახერხეს, ბრენდულ სასტუმროებზე აჩერებდნენ არჩევანს.
კომერსანტი დაინტერესდა თუ როგორ ჩაიარა ბათუმურმა ზაფხულის სეზონმა ჰილტონში, ახლადგახსნილ Le Meridien-სა და შერატონში. მთელი სეზონი ბრენდული სასტუმროები დამსვენებლების ნაკლებობას არ განიცდიდნენ. როგორც სასტუმრო „ჰილტონში“ გვითხრეს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დამსვენებლების რაოდენობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა.
„წინა წელთან შედარებით, სრულიად განსხვავებული წელი გვქონდა. ეს არა მხოლოდ ჯავშნების რაოდენობას, არამედ ბაზარზე არსებულ ფასებსაც შეეხება. რადგან წელს მხოლოდ შიდა ტურიზმი მუშაობდა, ჯავშნებიც და ფასებიც თავისთავად ნაკლები იყო. მაგრამ, ჯავშნების რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე შიდა ტურიზმზე დაყრდნობით, ჩვენ ველოდებოდით.
კორონავირუსის მეორე ტალღას არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ მთელს ბაზარზე ნეგატიური ეფექტი ჰქონდა. ბათუმში სხვადასხვა სასტუმროები იხურება, თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება და არ ვაპირებთ დაკეტვას, რადგან გარკვეული მომხმარებლების ბაზა გვაქვს, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან.
რაც შეეხება მოლოდინებს, ამის გათვლა ძალიან რთულია, რადგან დამოკიდებული ვართ ვირუსის განვითარებაზე.“ - განმარტავს „ჰილტონის“ კომერციული დირექტორი ლევან ასამბაძე.
სასტუმრო „შერატონი“ წლევანდელ სეზონზე მომხმარებლის ნაკლებობაზე არ წუწუნებს, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დამსვენებლების დაახლოებით 35%-იანი კლება მაინც დაფიქსირდა.
„წინა წლებთან შედარებით დატვირთვა გაცილებით ნაკლები იყო, თუმცა არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული სეზონი იყო.
აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 30-35%-იანი კლება გამოიკვეთა.
რაც შეეხება მეორე ტალღას - ერთ დღეში ყველაფერი შეიცვალა. ძალიან ბევრი ჯავშანი გაგვიუქმდა, ასევე დიდი ქორწილებისა და კონფერენციების ორგანიზების უფლება არ გვაქვს. ამან, რა თქმა უნდა, სექტემბრისთვის ფონი შეცვალა და შესაბამისად დატვირთვაც საგრძნობლად დავარდა.
ძალიან არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და მოლოდინებზე ცალსახად ვერაფერს ვიტყვით. ეპიდმდგომარეობასა და რეგულაციებზე ვართ დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, კონკრეტული გეგმის დასახვა ფაქტობრივად შეუძლებელი ჩანს.
ამჟამად ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, გვყავს გარკვეული რაოდენობის სტუმრები, თუმცა სექტემბრისთვის გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა, რომ არა ბოლო პერიოდში ბათუმში განვითარებული მოვლენები.“ - აღნიშნავს „შერატონის“ მარკეტინგის მენეჯერი მეგი ჟღენტი.
ახლადგახსნილი სასტუმრო Le Meridien-ი, რომელიც ზაფხულის სეზონის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობდა, შემოდგომის სეზონზეც ელოდებოდა სტუმრებს. თუმცა კორონავირუსის მეორე ტალღით გამოწვეული რთული სიტუაციის გამო, არსებული ჯავშნები გაუქმდა.
„სეზონმა საკმაოდ კარგად ჩაიარა, დატვირთვა საკმაოდ მაღალი იყო, ჩვენი ბრენდის ცნობადობაც მაღალი იყო. რეალურად ჩვენ შევთავაზეთ მომხმარებელს ისეთი ღონისძიებები, რომელზეც დიდი სიამოვნებით ჩამოდიოდნენ.
დატვირთულობა ყოველ უქმეებზე თითქმის 100%--ს აღწევდა. ამიტომ შეგვიძლია სეზონი დადებითად შევაფასოთ. თუმცა, არ ვაპირებდით და არ ვთვლიდით, რომ აგვისტოს ბოლოს სეზონი სრულდებოდა. სექტემბერი- ოქტომბერზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა და ჯავშნები იყო, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე, ბათუმი ხალხისგან დაიცალა და ჯავშნები გაუქმდა.
ამჟამად გვყავს დამსვენებლები და ასევე, აქტიურად მუშაობს ჩვენი რესტორანი. რა თქმა უნდა, სტუმრები იმ ნაკადით არ არიან როგორც ადრე, მაგრამ სასტუმროს დახურვას არ ვაპირებთ.“– ამბობს Le Meridien Batumi-ს მარკეტინგის სამსახურის უფროსი კაწია აბსანძე.
ანი ცარციძე