პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალი ორგანიზაციების 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტების შედეგების განხილვა მიმდინარეობს.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების მიხედვით, სამინისტროების უმრავლესობაში ფინანსურ ანგარიშგებაში აღურიცხავი ან ნულოვანი ღირებულებით აღრიცხული აქტივებია ასახული, ასევე ასახულია ისეთი აქტივები რომლებსაც არ ფლობს ან არ განკარგავს სამინისტრო.
აუდიტის ანგარიშების მიხედვით, ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში უწყებებსა და მათ დაქვემდებარებულ სტრუქტურების უმრავლესობაში გამოვლინდა რიგი დარღვევები, მათ შორის ინვენტარიზიაციის არ ჩატარების ან არასრულყოფილად ჩატარების ფაქტები. ასევე სამინისტროების აქტივების ნაწილი აღრიცხულია არასწორი კლასიფიკაციით ან არასწორი ღირებულებით.
სამინისტროთა წარმომადგენლები აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებულ რეკომენდაციებს იზიარებენ და მათ მოგვარებას უახლოეს პერიოდში გეგმავენ, ნაწილზე მუშაობა კი უკვე დაწყებულია.
აქტივების მართვის კუთხით: ჯანდაცვის სამინისტროზე გაცემულია 3 რეკომენდაცია; ეკონომიკის სამინისტროზე - 4; შსს — 3; იუსტიციის სამინისტრზე — 4 (მათ შორის იუსტიციის სახლის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი); ინფრასტრუქტურის სამინისტროზე — 2 (მათ შორის მუნიციპალური განვითარების ფონდთან მიმართებაში).