პანდემიის, შემდეგ უკვე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში ფასები ტკბილეულზეც გაიზარდა. საფასო ცვლილება კომპანია ,,სანდომში“ ბოლოს 1–ელ აპრილს განხორციელდა და მომხმარებელს ქართული ბრენდის ტკბილეული დაახლოებით 10-15%-ის ფარგლებში გაუძვირდა. როგორც ,,სანდომის“ გაყიდვების
მენეჯერი საბა მამალაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, ცვლილება განპირობებულია ნედლეულის გაძვირებით და ზოგადად ლოგისტიკაში მიმდინარე ცვლილებებით, რაც გლობალური მოვლენაა და ადგილობრივ ბაზარზეც დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
,,დიდი პრობლემას ქმნის ნედლეული, რადგან ბაზრებზე არასტაბილური მდგომარეობაა და ყოველ წუთს შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. მთლიანად ვართ ორიენტირებული, რომ ბაზარზე დეფიციტი არ შეიქმნას. დღესდღეობით სტაბილურობა გარკვეულწილად შევინარჩუნეთ, თუმცა ნედლეული ძვირდება და ამან წარმოებაზეც შესაბამისი ასახვა ჰპოვა. საკონდიტრო წარმოებაში სამი მთავარი კომპონენტი: შაქარი, ზეთი და ფქვილი გაძვირებულია. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ პანდემიურ პერიოდში დაიწყო და დღესაც გრძელდება. 1 აპრილს ჩვენი პროდუქცია 10-15%-ით გავაძვირეთ, თუმცა ბევრად მაღალი მაჩვენებლითაა ნედლეულის ფასი გაზრდილი. ჯამში 2020 წლიდან დღემდე ფასები 3-ჯერ დაკორექტირდა 10-15%-იანი სხვაობით. ორიენტირებული ვართ, რომ ბაზარზე არ შეიქმნას დეფიციტი. ამ მხრივ უკრაინაში მიმდინარე ომმა დიდი პრობლემა შექმნა, უკრაინიდან ნედლეული საერთოდ არ შემოდის, რუსეთიდან იმპორტი შეჩერებული არ არის, მაგრამ ლოგისტიკა ამ მიმართულებითაც გართულებულია. ყველაფერი ეს საბოლოოდ ფასებზე აისახება“, - ამბობს საბა მამალაძე ,,კომერსანტთან“.
მისი თქმით, „სანდომი“ ყოველწლიურად ვითარდება და კომპანიის ზრდა საშუალოდ 15%-ია.
ცნობისთვის, ტკბილეულის მწარმოებელი ლიდერი კომპანია „სანდომის“ ბრენდით 2011 წლიდან გვხვდება ქართულ ბაზარზე, რასაც უძღოდა ათწლიანი გამოცდილება პურ-ფუნთუშეულის წარმოებაში.
დღეისათვის ,,სანდომი 100-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს და ქვეყნის მასშტაბით 8 000 ობიექტს ემსახურება.
კომპანიაში 350 ადამიანია დასაქმებული.
მარი ჩიტაია