2021 წელს იმპორტი 2020 წელთან შედარებით 25.1%-ით, 2019 წელთან შედარებით კი 5.8%-ით გაიზარდა და $10.073 მლრდ-ს მიაღწია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. იმპორტის მოცულობის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ნედლეულზე ფასების მატებამ იქონია. ნავთობის იმპორტი $324 მლნ-ით $823 მლნ-მდე გაიზარდა, რაც 65%-იან მატებას ნიშნავს. 12.6%-ით $354 მლნ-მდე გაიზარდა ბუნებრივი გაზის იმპორტიც.
2021 წელს საიმპორტო პროდუქციაში პირველი ადგილი $898 მლნ-ით მსუბუქ ავტომობილებს უკავიათ, რომლის ნახევარიც შემდგომ რეექსპორტზე გავიდა. $823 მლნ-ით ნავთობმა მეორე ადგილი დაიკავა. გასულ წელს საწვავის იმპორტი მოცულობაში მხოლოდ 3.9%-ით 1.149 მლნ ტონამდე გაიზარდა, მაგრამ ფასების მკვეთრი ზრდის გამო მისი შემოტანა 65%-ით უფრო ძვირი დაჯდა. ადგილობრივ საცალო ბაზარზე 1 ლიტრი ბენზინისა და დიზელის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა, რაც ორნიშნა ინფლაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი გახდა.
$736 მლნ-ით სპილენძის მადნებმა მესამე ადგილი დაიკავა. იგივე პროდუქცია $815 მლნ-ით ექსპორტში პირველ ადგილზეა. $382 მლნ-ით მეოთხე ადგილზე სამკურნალო საშუალებებია. 12.6%-იანი ზრდის შემდეგ ბუნებრივი გაზის იმპორტმა $355 მლნ-ს მიაღწია. თუ 2020 წელს ნავთობისა და გაზის იმპორტი საქართველოს ჯამში $813 მლნ დაუჯდა, 2021 წელს $1.178 მლრდ-ის გადახდა მოუწია.
საიმპორტო პარტნიორებში $1.824 მლრდ-ით თურქეთი უცვლელ პირველ ადგილს იკავებს, $1028 მლრდ-ით მეორეზე რუსეთია, $865 მლნ-ით კი სამეულს ჩინეთი ასრულებს. ყველაზე მეტად, 178%-ით $205 მლნ-მდე იმპორტი თურქმენეთიდან გაიზარდა. გასულ წელს საქართველომ თურქმენეთიდან ყველაზე მეტი - 245 ათასი ტონა ნავთობი იყიდა, რითაც პირველი ადგილი დაიკავა და რუსეთი ჩაანაცვლა.