2021 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 772,7 მილიონი ლარი. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 172,0 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 39,9 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 16%-ით შემცირებულია, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 12 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 985,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 324,1 მილიონ ლარს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიების აქტივები - 915.8 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 279.1 მილიონ ლარს შეადგენდა.
საქართველოს მოსახლეობის 17 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2021 წლის 12 თვეში 637,953 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 105,423 პოლისი იყო გაყიდული.
2021 წლის 12 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (140.4 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „ალდაგი“ (123.2 მლნ ლარი), მესამე ადგილზე „თიბისი“ (115.9 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა „იმედი L“ (74.1 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (67.4 მლნ ლარი) იკავებს.
2021 წლის 12 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაიმ“ (98 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა „ალდაგი“ (54.8 მლნ ლარი) მესამეზე კი „იმედი L“ (50.3 მლნ ლარი). მეოთხე ადგილს „თიბისი“ (49.1 მლნ ლარი) იკავებს, მეხუთეს კი „არდი“ (39.8 მლნ ლარი).
2021 წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 84.7 მილიონი ლარით და ბაზრის 28% ეჭირა, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L” - 62.1 მილიონი ლარით, მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია „არდი“ იკავებს 47.2 მილიონი ლარით.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 35.9მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 25% უკავია. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 31.2 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 21.9 მლნ ლარით.
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 118,5 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 38.7 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 33% მოდის. მეორე ადგილზეა „უნისონი“ 23.6 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „თიბისი“ 18.4 მლნ. ლარით.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 60 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 12 თვეში 31.2 მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 52% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 17.4 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“ 5.3 მილიონი ლარით.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 29,3 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი „ალდაგს“ უკავია - 12.7 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 43%, მეორე ადგილზე „ჯიპიაი“ 5.8 მილიონი ლარით. მესამე პოზიციას „უნისონი“ 3.8 მილიონი ლარით.
2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.