2021 წელს საქართველო 150 ტონამდე კივის მოსავალს ელოდება. ამის შესახებ კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.
დემურ ფიფიას თქმით, შიდა ბაზარზე კივის რეალიზაცია პრობლემაა, რადგან მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია.
,,ქვეყნის შიგნით რეალიზაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიდის. მიზეზი მარტივია, ხალხი გადახდისუუნარო გახდა და შესაბამისად, კივი, რომელიც ნამდვილად არაა პირველადი დანიშნულების პროდუქტებს შორის, არ ხვდება ადამიანების უმეტესობის სასურსათო კალათაში.
რაც შეეხება მოსავალს, საკმაოდ კარგი წელი იყო. ზუსტი რიცხვების დასახელება გამიჭირდება, რადგან პროცესი დასრულებული ჯერ კიდევ არ არის და რაღაც ნაწილი კიდევ იკრიფება, მაგრამ ჯამურად, 150 ტონამდე მოსავალს ველოდებით 2021 წელს. მაქსიმუმ 20-30 ტონით მეტს ან ნაკლებს“, - განაცხადა ფიფიამ.
მისვე თქმით, გაცილებით წარმატებულია საექსპორტო პროცესი.
,,ექსპორტი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. ძირითადად კივის იაპონიაში ვყიდით. წელს, უკვე გასულია 50 ტონა. უმაღლესი ხარისხის კივზე (რომელიც საექსპორტოა) ფასი საკმაოდ მაღალია 4.50 ლარი.
რაც შეეხება ევროკავშირს, იქ კვლავ პრობლემაა პროდუქტის გატანა. ბევრი სერთიფიკატი და საბუთია საჭირო“,- ამბობს ფიფია.
ინფორმაციისთვის, 2020 წელს იაპონიაში 25.84 ტონა კივის ექსპორტი განხორციელდა, პანდემიამდელ 2019 წელს კი 154.2 ტონა კივის.
წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი“