2021 წლის უმნიშვნელოვანესი გლობალური მოვლენები

2021 წლის უმნიშვნელოვანესი გლობალური მოვლენები

access_time2021-12-30 12:00:04

მარსზე დაშვებული ახალი თაობის ზონდი პერსევერანსი, ერთწლიანი დაგვიანებით ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშები, მილიარდერების სუბორბიტარულ ზონაში გასეირნება, ავღანეთში თალიბანის დაბრუნება, პლანეტის მოსახლეობის ნახევრის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა და რაღა თქმა უნდა 13-ჯერ გადადების შემდეგ ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება... ეს იმ მნიშვნელოვან მოვლენათა არასრული ჩამონათვალია, რითაც 2021 შეიძლება დაგვახსომდეს.

 


Perseverance-ის მარსზე წარმატებით დასმა



19 თებერვალს 6 თვიანი მოგზაურობის შემდეგ NASA-ს ზონდი Perseverance (შეუპოვრობა) წითელი პლანეტის ზედაპირზე დაჯდა. სხვა თვითმავალებისგან განსხვავებით, რომლებიც გრუნტს ბურღავდნენ, პერსევერანს მცირე ზომის კუბის ამოჭრა შეუძლია, რომელსაც წლების შემდეგ სხვა კოსმოსური ხომალდი დედამიწაზე ჩამოიტანს. პერსევერანსმა თან გაიყოლა მცირე ზომის შვეულმფრენი Ingenuity, რომელმაც სხვა პლანეტაზე პირველი მექანიზებული ფრენა შეასრულა. პერსევერენსის მიზანს მარსის შესწავლა და გამქრალი ან არსებული სიცოცხლის ნიშნების ძებნა წარმოადგენს.

 


მარსით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად არიან დაინტერესებულები როგორც პროფესიონალი ასტრონომები, ასტროფიზიკოსები და ბიოლოგები, ასევე უბრალოდ ასტრონომიის მოყვარულები. დედამიწა ჯერჯერობით ერთადერთი ადგილია სამყაროში, სადაც სიცოცხლე დადასტურებულად არსებობს, მზის სისტემაში ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატებად მარსი, იუპიტერის თანამგზავრი ევროპა და სატურნის თანამგზავრი ტიტანი მიიჩნევიან. რადგან მარსი დედამიწიდან ყველაზე ახლოსაა, ის მშობლიურ პლანეტად პერიოდულად 56-60 მლნ კმ-ზე უახლოვდება.  პირველი პილოტირებული მისია 20-იან ან 30-იან წლებში სწორედ მასზე განხორციელდება. ვარაუდი, რომ მასზე ოდესღაც სიცოცხლის გარკვეული ფორმა დედამიწის მსგავსად არსებობდა და ვარაუდი რომ მიკროორგანიზმები იქ ახლაც სახლობენ, ჯერჯერობით ვარაუდებად რჩება.

 


პირველი წარმატებული დაფრენა მარსზე 1964 წლის 28 ნოემბერს Mariner 4-მა განახორციელა. XXI საუკუნეში წარმატებულ მისიებად შეიძლება ჩაითვალოს: Opportunity (შესაძლებლობა) 2004, Spirit (სული) 2007 და Curiosity (ცნობისმოყვარეობა) 2012. მათ რიგებს უკვე შეემატა Perseverance-ც. პილოტირებული მისიის შემდეგ კი ცივილიზაციის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება.

 


2020 წლის სპორტული ღონისძიებები



2020 წელს საერთაშორისო კულტურული და სპორტული ღონისძიებების ნაწილი პანდემიის გამო გაუქმდა, ნაწილი კი 1 წლით გადაიდო. თუმცა იმის გარანტია, ჩატარდებოდა თუ არა ისინი თუნდაც 2022 წელს, არ არსებობდა. თამაშები მაინც ჩატარდა. ევროპის ჩემპიონატზე პირველად 24-მა გუნდა მიიღო მონაწილეობა და ტურნირს ერთი ან ორი ქვეყნის ნაცვლად 11-მა სახელმწიფომ უმასპინძლა, მატჩების დროს ტრიბუნებზე გულშემატკივართა ნაწილი დაუშვეს. ტოკიომ უფრო მკაცრი მიდგომა არჩია და ზაფხულის XXXII ოლიმპიურმა თამაშებმა უმაყურებლოდ ჩაიარა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ვერ მოხვდა, ტოკიოდან კი 8 მედლის წამოღება მოახერხა, მათ შორის 2 ოქროსი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

 


თალიბანის დაბრუნება



აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში 20 წლიანი, ვისთვის სამშვიდობო და ვისთვის საოკუპაციო მისია დაასრულა. პარალელურად თალიბანმა, რომლის ძალაუფლებაც ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 2001 წელს 5 კვირაში დაემხო, მთელს ქვეყანაზე კონტროლი ჯერ კიდევ მაშინ აღადგინა, როცა ამერიკელ სამხედროთა ნაწილი ჯერ კიდევ ქაბულში რჩებოდა. ომს 2420 ამერიკელთან ერთად 32 ქართველი სამხედროც ემსხვერპლა.

 


2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების პასუხად აშშ ავღანეთში შეიჭრა. მართალია ვაშინგტონმა თალიბანის ტირანია დაასრულა, მაგრამ ამით ავღანეთს მშვიდობა არ ღირსებია და ტერორისტული აქტები ლამის ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

 


ქაბულის მთავარ მოედანზე ჯერჯერობით არავინ ჩამოუხრჩვიათ, თუმცა თალიბანმა უკვე მოასწრო მუსიკის აკრძალვა, ქალებისთვის განათლების უკიდურესად შეზღუდვა და ნათესავი მამაკაცის გარეშე ქუჩაში გადაადგილება, მათ ასევე გააუქმეს საარჩევნო კომისია, გაზარდეს ნარკოტიკების წარმოება და ფაქტობრივად დაუბრუნდნენ იმ ყოფას, რაც 1996-2001 წლებში მათი მმართველობის დროს უკვე იყო.

 


საერთო ჯამში ომსა და ტერორისტულ აქტებს 20 წელიწადში 200 000 ადამიანი ემსხვერპლა, ძალაუფლება კი დღეს ისევ თალიბანს უპყრია ხელთ. თუ რა ძალაა თალიბანი, ამის შესაფასებლად ერთი ფაქტი და ერთი ფოტოც საკმარისია, ქაბულიდან გაქცევისას, როცა არც სალონში და არც საბარგულში ფეხზე სადგომი ადგილიც აღარ დარჩა, 2 მგზავრი იმ უმცირესი იმედით, რომ 12 კმ-ს სიმაღლეზე 900 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას ყინვასა და უჰაერობაში რამენაირად გადარჩებოდნენ, თვითმფრინავს გარედან აეკრა, ორივე აფრენიდან მალევე ჩამოვარდა და ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

 


მილიარდერების სუბორბიტარულ სარტყელში გასეირნება



მასობრივი კოსმოსური ტურიზმი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ამისთვის ნაბიჯები 2021-შიც გადაიდგა. 2020 წელს პირველად 9 წლიანი პაუზის შემდეგ ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსური სადგურისკენ ამერიკული მიწიდან აფრინდნენ, თანაც კერძო კოსმოსური ხომალდით. ხომალდი ილონ მასკის დაფუძნებულ SpaceX-ს ეკუთვნოდა. 2021-ში პირობით კოსმოსურ ზღვარს 100 კმ Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა საკუთარი Blue Origin-ის ხომალდითაც მიაღწია და მასკის დასაცნიც გახდა  მართალია, ის წერტილი, სადაც ბეზოსი იმყოფებოდა, კოსმოსად ითვლება, მაგრამ ფრენა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა და დედამიწისთვის ერთხელაც არ შემოუფრენია. ბეზოსამდე კი იყო ბრიტანელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი, რომელმაც ასევე მცირე ხნით კოსმოსში საკუთარი Virgin Galactic-ის ხომალდით გააღწია.


 


ჯერჯერობით ფრენების ღირებულება ისევ რვანიშნა რიცხვებში იზომება, რაც მასობრივ ტურიზმს გამორიცხავს, მაშინ როცა ბილეთის ფასი $100 000-ს ჩამოსცდება, ეს დღეც დადგება. ცხადია, ამ შემთხვევაშიც იგივე ფინანსური და ტექნიკური მიზეზების გამო უფრო რთული იქნება, ვიდრე დუბაის ან პარიზის მონახულება, მაგრამ საშუალოშემოსავლიანი ჯანმრთელი ადამიანისთვის მაინც ხელმისაწვდომი გახდება.

 


კაცობრიობის ნახევრის აცრა



კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება მსოფლიომ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, თუმცა წლის ბოლომდე მხოლოდ 7 მლნ ადამიანის აცრა მოესწრო, დღე კი მინიმუმ 1 დოზით უკვე 4.5 მლრდ-ზე მეტი ადამიანია აცრილი, მათ შორის ორივე დოზით 3.8 მლრდ ადამიანი.

 


ჩილეში, კუბაში, სინგაპურში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ისლანდიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორჯერადად უკვე მოსახლეობის 80%-ზე მეტი აიცრა. ფინეთში, ნორვეგიაში, ირლანდიაში, ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და კანადაში 70%. საქართველოში კი მხოლოდ 30%.

 


ის ფაქტი რომ აცრა ადამიანს ინფიცირებისგან ვერ იცავს, ანტივაქსერებისთვის საყვარელ არგუმენტად იქცა, თუმცა ისინი შეგნებულად თუ შეუგნებლად გვერდს უვლიან ასევე მეორე დადასტურებულ ფაქტს, რომლის მიხედვითაც აცრილებში სიკვდილიანობა 100-ჯერ ნაკლებია.

 


რამდენი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს ვაქცინამ, ამის ზუსტი თქმა შეუძლებელია. იცვლება შტამები და მკურნალობის მეთოდები. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებლების დათვლით გადარჩენილთა რაოდენობა დაახლოებით 1 მლნ-ს აღწევს.

 


ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება



მეცნიერთა შეფასებით, წლის მთავარი მოვლენა ახალ წლამდე 1 კვირით ადრე მოხდა. 25 დეკემბერს, 13-ჯერ გადადების შემდეგ, საფრანგეთის გვიანიდან Ariane 5-ის რაკეტით კოსმოსში ჯეიმს ვების ტელესკოპი გაეშვა. ეს დღე წესით 2007 წელს უნდა დამდგარიყო, მაგრამ კაცობრიობას 14 წლიანი ლოდინი მოუხდა.

 


ჯეიმს ვების ტელესკოპის აწყობასა და გაშვებაზე 20 წელზე მეტი, 10 000 ადამიანის შრომა და $10 მლრდ დაიხარჯა. მას 2 ძირითადი მიზანი გააჩნია —სამყაროს წარმოშობის კვლევა და ეგზოპლანეტების აღმოჩენა. ჯეიმს ვები 13.8 მლრდ წლის წინ დიდი აფეთქებიდან რამდენიმე მლნ წლის შემდგომ პერიოდში გაგვახედებს, რაც პირველადი ვარსკვლავების დაბადების ხილვის საშუალებას მოგვცემს, მეორე მიზანი კი ეგზოპლანეტების აღმოჩენა და მათზე სასიცოცხლო ნიშნების ძებნაა.

 


თუ ჰაბლის ტელესკოპი 520 კმ-ის მოშორებით დედამიწის გარშემო ბრუნავს, ჯეიმს ვები მშობლიურ პლანეტას 1.6 მლნ კმ-ით დასცილდება და მზის გარშემო იბრუნებს. ეს მანძილი დედამიწიდან მთვარემდე საშუალო დაშორებას 4.2-ჯერ აღემატება. ყველაზე შორს ადამიანი დედამიწას 1970 წელს 14 აპრილს Apollo 13-ის მისიის დროს მოსცილდა, ხომალდით 3 ასტრონავტი მგზავრობდა: ჯეიმზ ლოველი, ჯონ ლეოგარდ სუინერტი და ფრედ უოლეს ჰეიზი. ხომალდი მთვარეზე უნდა დამჯდარიყო და მესამე პილოტირებული მისია უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ავარიის შედეგად ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნათ, ისინი დედამიწაზე 5 დღის შემდეგ დაბრუნდნენ. ინციდენტმა ასტრონავტები მოულოდნელად რეკორდსმენები გახადა, ისინი დედამიწად 400 171 კმ-ით დააცილა, არც იქამდე და არც მაც შემდეგ დედამიწას ამ მანძილით ცოცხალი არსება აღარ მოშორებია. ჯეიმს ვების ტელესკოპი 4-ჯერ უფრო შორ მანძილზე ე.წ. ლაგრაჟის მეორე წერტილში განთავსდება. 1993 წელს ჰაბლის ტელესკოპის მიმართულებით ასტრონავტთა ჯგუფი გაიგზავნა, უფრო მკვეთრი ფოტოების მისაღებად მათ სარკის უმცირესი დეფორმაცია გაასწორეს, ჯეიმს ვების შემთხვევაში მსგავსი სარემონტო სამუშაოები შეუძლებელია. კოსმოსური ტელესკოპის სტარტის მრავალგზის გადადების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

 


ჰაბლისგან განსხვავებით, რომელიც ხილულ და ულტრაიისფერ სინათლეზე მუშაობს, ჯეიმს ვები ინფრაწითელ სხივებს დაიჭერს. ეს უკანასკნელი მტვერში უფრო ადვილად აღწევს. მოსალოდნელია, რომ მიღებული ფოტოები უფრო მკაფიო და უფრო დეტალიზებული იყოს.

 


ჯეიმს ვები დანიშნულების ადგილს 1 თვეში მიაღწევს, მწყობრში კი საბოლოოდ 6 თვეში ჩადგება. ტელესკოპი 18 ოქროთი დაფარული ექვსკუთხა ბერილიუმისგან დაფარული სარკითაა აღჭურვილი, ისინი აწყობის შემდეგ ერთ დიდ 6.5 მეტრის სიგანის სარკედ გარდაიქმნებიან, შედარებისთვის ჰაბლის არკის დიამეტრი 2.4 მეტრია. ტელესკოპი ასევე აღჭურვილია საკომუნიკაციო ანტენით, მზისგან დამცავი ხუთშრიანი ფარით და ენერგიის მისაღებად საჭირო მზის პანელებით.

 


დღეს არსებული ყველაზე მიღებული თეორიის თანახმად, ხილული სამყარო დაახლოებით 13.8 მლრდ წლის წინ დიდი აფეთქების შედეგად გაჩნდა. ყველა პლანეტა, ყველა ვარსკვლავი, ყველა გალაქტიკა, ნეიტრონული ვარსკვლავი, კომეტა, მეტეორი, ასტეროიდი თუ შავი ხვრელი პროტონის შემადგენელ ნაწილაკ კვარკზე პატარა წერტილში იყო მოქცეული. მას შემდეგ სამყარო ფართოვდება, თანაც დაჩქარებული ტემპით. რა იყო დიდ აფეთქებამდე, რა ძალამ შექმნა ის წერტილი, სადაც წარმოუდგენელი სიმკვრივით მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული სივრცე და მატერია იყო ჩაჭირხნული, რატომ მოხდა აფეთქება, გაგრძელდება მომავალშიც გაფართოება თუ პირიქით — დიდი შეკუმშვა დაიწყება და ყველაფერი ისევ ერთ წერტილში მოექცევა? ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. რა მოხდა დიდი აფეთქების შემდეგ, ასე თუ ისე ვიცით, მაგრამ ჯეიმს ვებმა კიდევ მეტ საიდუმლოს უნდა ახადოს ფარდა.

 


ეგზოპლანეტების არსებობას ჯერ კიდევ 4 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჯორდანო ბრუნო ვარაუდობდა, რომელიც ინკვიზიციამ 1600 წელს კოცონზე დაწვა. ის აზრი, რომ მზე კვინტილიონზე მეტ ვარსკვლავს შორის ერთადერთი არ იქნებოდა, რომელსაც პლანეტები გააჩნდა, არც ახალი დროის ასტრონომებს ასვენებდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა. ეგზოპლანეტის არსებობა პირველად 1992 წელს დადასტურდა. დღეს მათი რიცხვი 4900-მდეა გაზრდილი, რაც დიდი ალბათობით ზღვაში წვეთია რეალურ სურათთან შედარებით. ეგზოპლანეტების თითქმის ნახევარი 2009 წელს გაშვებულმა კეპლერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა, რომელიც 2018 წელს TESS-მა ჩაანაცვლა. ეგზოპლანეტების აღმოჩენას ხელს ძირითადად მათი უხილავობა უშლის. პლანეტები საკუთარი ძალით არ ანათებენ, რაც მათ შემჩნევას ართულებს, დაკვირვებები, როგორც წესი, დედა ვარსკვლავზე ხდება და არა უშუალოდ პლანეტებზე.

 


დედამიწის გარდა არათუ ცივილიზაცია, სიცოცხლის ელემენტარული ფორმებიც კი ჯერ არსად აღმოუჩენიათ. ალბათობის თეორია იმის შანსს, რომ 100 მლრდ-ზე მეტ გალაქტიკაში, სადაც თითოეულში 100 მლრდ-ზე მეტი ვარსკვლავია და სავარაუდოდ მათი უმეტესობის გარშემო პლანეტები ბრუნავს, მარტონი ვიყოთ, უკიდურესად ამცირებს. მნიშვნელოვან პრობლემას აღქმის სირთულეც წარმოადგენს. როგორც წესი, სასიცოცხლოდ ვარგისად ისეთ ეგზოპლანეტას მიიჩნევენ. სადაც შესაძლოა იყოს ჟანგბადი და თხევადი წყალი, შეიძლება ეს სწორია, მაგრამ შეიძლება სიცოცხლის გარკვეული ფორმა წყალბადს სუნთქავს და წყალი არ ესაჭიროება.

 


იმის იმედი, რომ ჯეიმს ვების ტელესკოპი სამყაროს ყველა საიდუმლოს ამოხსნის, არავის აქვს,  მაგრამ მისგან მაინც ძალიან ბევრს მოელიან. მან კაცობრიობის ცოდნა უნდა გააფართოოს.

 


ჯეიმს ვები არც პირველი კოსმოსური ტელესკოპია და არც უკანასკნელი. სატელიტებიდან კოსმოსს 70-იანი წლებიდან აკვირდებოდნენ, მაგრამ პირველ კოსმოსურ ტელესკოპად მაინც ჰაბლი ითვლება. მისი დამსახურება მხოლოდ ლამაზი ფოტოების გამოგზავნა არ არის. ჰაბლმა სამყაროს დაჩქარებული ტემპით გაფართოება დაადასტურა, რის შემდეგაც დავადგინეთ, რომ სამყაროს მასის 69% უხილავი ბნელი ენერგიაა. (26% ბნელი მატერია და მხოლოდ 5% ხილული სამყარო). XXI საუკუნეში ჰაბლის შემდეგ სხვადასხვა მისიებით კოსმოსში მოხვედრის პატივი ასევე წილად ხვად Spitzer-ს AGILE-ს, Fermi-ს, GAP-ს, IBEX-ს, Hisaki-ს, WISE-ს, Astosat-ს, Hitomi-ის ტელესკოპებს. თუმცა ყველაზე მეტი მაინც Kepler-მა გააკეთა.

 


2013 წელს ჰიგსის ბოზონის არსებობა დადასტურდა, 2015 წელს გრავიტაციული ტალღების, 2019 წელს შავი ხვრელისთვის ფოტოს გადაღება მოხერხდა, 2021 წელს ჯეიმს ვების ტელესკოპი გაუშვეს. 50-იან 70-იან წლებში ცივმა ომმა კოსმოსის ათვისებაზე პოზიტიურად იმოქმედა. ბაზ ოლრდრინმა აღიარა კიდეც რომ მთვარეზე პილოტირებული მისია უფრო მეტად გაგარინის გაშვებაზე პასუხი იყო ვიდრე სამეცნიერო დატვირთვის მატარებელი. 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ში კოსმოსური მისიების სტიმული შემცირდა. რუსეთმა შეიძლება ვერა, მაგრამ აშშ-ს ეს სტიმული შეიძლება ჩინეთმა დაუბრუნოს.



გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up