2021/2022 მარკეტინგულ წელს უკრაინამ 22,2 მლრდ დოლარის 61,52 მლნ ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ტარას კაჩკამ Facebook-ზე დაწერა.
მისი თქმით, გასული მარკეტინგული წლის განმავლობაში, რომელიც 1 ივლისს დასრულდა, ხორბლის ექსპორტმა 18,7 მლნ ტონა შეადგინა, რომლის ღირებულებაც იყო $4,8 მლრდ.
სიმინდის ექსპორტმა - 23,54 მლნ ტონა შეადგინა, ღირებულებით $5,8 მლრდ, ხოლო ქერის ექსპორტი — 5, 74 მლნ ტონა იყო, რომლის საერთო ღირებულებაც $1,3 მლრდ-ით განისაზღვრა.
ასევე გასულ მარკეტინგულ წელს ექსპორტირებულია 161,5 ათასი ტონა ჭვავი, 100 ათასი ტონა წიწიბურა, 12,6 ათასი ტონა შვრია, 4,1 ათასი ტონა ბრინჯი და სხვა.
ექსპორტზე ასევე გავიდა 32 000 ტონა სელის თესლი და 24 000 ტონა ზეთოვანი კულტურები.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა ცდილობს მარცვლეულის ექსპორტი გაზარდოს, მიუხედავად საზღვაო პორტების ბლოკირებისა, რაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო შიმშილის საფრთხის გამო უკრაინის საზღვაო ექსპორტის განბლოკვის პრობლემა მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრშია და ორ თვეზე მეტია გადაუჭრელი რჩება.
უკრაინის მთავრობამ უკვე შეიმუშავა მარცვლეულის ექსპორტის ორი გზა პოლონეთისა და რუმინეთის გავლით.