2022 წელს აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა, ინფორმაცია Galt&Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
2022 წელს, ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამური მიწოდების 9.7% და 1.5 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტის 82.5% რუსეთიდან განხორციელდა (უმეტესად აფხაზეთის რეგიონისთვის), 9.0% სომხეთიდან და 8.4% აზერბაიჯანიდან. აფხაზეთის რეგიონმა საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის ნახევარი მოიხმარა. ამ ელექტროენერგიას რუსეთი გვაწვდის „სპეციალურ“ ფასად (რომელიც კვტ.სთ-ზე 0.5 აშშ ცენტზე ნაკლებია). ეს სპეციალური ფასი მნიშვნელოვნად ამცირებს იმპორტის საშუალო შეწონილ ფასს - 2022 წლის იმპორტის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 3.2 აშშ ცენტს შეადგენდა.
Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, 2022 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 14.2 ტვტ.სთ შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მოხმარება გაიზარდა წლის პირველ ნახევარში 9.8%-ით, ხოლო მეორე ნახევარში შემცირდა 2.7%-ით. ეს უკანასკნელი უკავშირდება ჯორჯიან მანგანეზის, მეტალურგიული და მაინინგ კომპანიების წარმოების კლებას. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ძირითადად დაკმაყოფილდა ჰიდრო გენერაციით, რამაც ჯამური მიწოდების 68.3% შეადგინა. თბოსადგურების გენერაციით მოხმარების 21.5%, ხოლო იმპორტით მოხმარების 9.7% დააკმაყოფილა.