2022 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 26.9 მგვტ. მათ შორის ყველაზე დიდი იყო 10.0 მეგავატი სიმძლავრის ნაკრა ჰესი, ყველაზე პატარა კი 0.9 მგვტ ბერალი ჰესი. Galt & Taggart-ის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრე 4.5 გიგავატი შეადგენდა, აქედან 3.4 გვტ ჰესები იყო, 0.02 გვტ ქარის ელექტროსადგური, ხოლო 1.1 გვტ თბოელექტროსადგური. განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდაჭერის ახალი მექანიზმის - ფასთაშორისი ხელშეკრულების (CFD) დანერგვით, მოსალოდნელია ინვესტორების ინტერესის ზრდა და შესაბამისად ახალი სადგურების მშენებლობის ტემპის მატება.
2022 წელს ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საერთო მოცულობამ 15.8 ტვტ.სთ შეადგინა. აქედან 10.8 ტვტ.სთ (ჯამურის 68.3%) ჰესების გამომუშავება იყო, 3.4 ტვტ.სთ (ჯამურის 21.5%) თბოსადგურების, 0.1 ტვტ.სთ (ჯამურის 0.6%) ქარის სადგურის, ხოლო 1.5 ტვტ.სთ (ჯამურის 9.7%) იყო ელექტროენერგიის იმპორტი. ქსელში მიწოდებული 15.8 ტვტ.სთ-დან, ადგილობრივმა მოხმარებამ საბითუმო დონეზე 14.2 ტვტ.სთ (ჯამურის 89.8%) შეადგინა, 1.0ტვტ.სთ (ჯამურის 6.2%) გავიდა ექსპორტზე, ხოლო 0.6 ტვტ.სთ (4.1%) დაიკარგა ქსელში ტრანსპორტირებისას.