„ჩვენ ვიზარებთ სურვილს და ნებას, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ღვინის ბაზრები დივერსიფიცირებული, ამ მიმართულებით გარკვეული წარმატებებიც გვაქვს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ ისაუბრა. მისი თქმით, ღვინის ხარისხში უკეთესობაა და კომპანიები ხარისხზე სულ უფრო მეტად ზრუნავენ.
„ამას ემატება ჩვენი უნიკალური ქვევრის მეთოდი, ასევე ის უნიკალური ჯიშები, რომლებიც სხვაგან ნაკლებად მოიპოვება , სწორედ ეს ქმნის იმედს, რომ უახლოეს მომავალში ბაზრების დივერსიფიცირებას მეტად მივაღწევთ და ერთ ბაზარზე დამოკიდებული ნაკლებად ვიქნებით.
2022 წელი არაორდინალური და გამოწვევებით სავსე წელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე ტრაგიკული მოვლენები განვითარდა, გაზაფხული საკმაოდ რთული იყო და მთელი გაზაფხულ-ზაფხული ექსპორტი კლებულობდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდა და რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებს, წლის მეორე ნახევარში მოთხოვნამ მკვეთრად იმატა, იმის გამო, რომ რუსეთის ბაზარზე ალკოჰოლური სასმელების დეფიციტია. ჩვენი ინფორმაციით რუსეთში ალკოჰოლური სასმელების 30-35% იანი კლებაა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მეხუზლას თქმით, გლობალური ბაზარი ომზე და მიმდინარე მოვლენებზე ძალიან არის დამოკიდებული, ამას ემატება ეკონომიკური კრიზისი, ევროდ მდგომარეობა, რაც ექსპორტზე გავლენას ახდენს.
„ექსპორტისთვის შედარებით სუსტი ლარი ჯობია, რადგან მწარმოებლებს ხარჯი ლარში აქვთ და როდესაც ერთი ევროს შესაძენად მეტი ლარია საჭირო მწარმოებლისთვის, ეს უფრო მომგებიანია. ამიტომ ამ ფაქტორმა იგივე პოლონეთის მიმართულებით იმოქმედა და როდესაც ევროს კურსი დაეცა გადაზიდვებს ერიდებოდნენ.
მე მინდა, რომ რაც შეიძლება მარე დასრულდეს ომი და დამკვიდრდეს მშვიდობა და სიტუაცია ჩვენ დარგში დასტაბილურდეს. რუსეთის წილის ზრდა, რომელიც 2022 წელს დაფიქსირდა, მაინც დროებითია და მოკლევადიანი ეფექტი აქვს. მიმდინარე წლის ტენდენციები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მდგომარეობა გლობალურად ომის საფრთხეებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.