ვისბადენის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოს გერმანიაში 84,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. წინა წელთან შედარებით ეს 1,1 მილიონით გაზრდილი მაჩვენებელია. ქვეყანაში მოსახლეობის დემოგრაფიული ზრდას, ომის ფონზე, უკრაინიდან მიგრაციული ნაკადის ზრდით ხსნიან.
„ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ოდესმე. მოსახლეობის მკვეთრი ზრდის მიზეზი იმიგრაციის ახალი რეკორდული მაჩვენებელი - ქვეყნიდან ჩამსვლელთა და გამგზავრებულთა ბალანსია. დეპარტამენტის წინასწარი შეფასებით, გასულ წელს გერმანიაში 1,42-1,45 მილიონით მეტი ადამიანი ჩავიდა, ვიდრე წავიდა ქვეყნიდან. ეს ოთხჯერ დიდი მაჩვენებელია, ვიდრე ერთი წლით ადრე (329,163 ადამიანია) იყო და ყველაზე მაღალია 1950 წლიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო ასევე მიუთითებს, რომ უკრაინიდან იმიგრაციასთან ერთად გერმანიაში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაცია სხვა ქვეყნებიდან.
გერმანიის მოსახლეობა 2010 წლიდან იზრდება. სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით, 2022 წელს გერმანიაში 735-745 ათასი ადამიანი დაიბადა (7 პროცენტით ნაკლები, ვიდრე 2021 წელს), დაიღუპა დაახლოებით 1,06 მილიონი ადამიანი (4 პროცენტით მეტი 2021 წელთან შედარებით).