„ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 8.1%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2022 წელს“, — ამის შესახებ Galt & Taggart-ში აცხადებენ.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 11.8%-მდე შენელდა, წინა თვის 13.7%-იანი დონიდან, რაც უკავშირდება მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზისო ეფექტის მილევას. მარტიდან ინფლაციის შემცირების ტემპი შეაფერხა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობროდუქტებსა და სურსათზე ფასების ზრდამ რუსეთზე დაწესებული სანქციებიდან და მიწოდების შეზღუდვებიდან გამომდინარე, რომელიც იმპორტიდან გადმოეცემა ინფლაციას.
ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 0.9პპ-ით 6.0%-მდე გაიზარდა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+17.8%, +5.69პპ), ტრანსპორტი (+21.6%, +2.60პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+8.4%, 0.66პპ), სასტუმროები და რესტორნები (+13.1%, 0.66პპ) და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (+12.7%, +0.65პპ).
ამასთან, 2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 2.5%-იან ინფლაციას, რაც ძირითადად გამოიწვია ფასების ზრდამ ტრანსპორტის (+8.9%, 1.03პპ) და სურსათი და უალკოჰოლო სასმელების (+2.0%, +0.68პპ) კატეგორიებში, — აღნიშნავენ კომპანიაში.