როგორი იყო 2022 წელი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის და რა მოლოდინები აქვს სექტორს 2023 წელს, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ My coins ის კომერციულმა დირექტორმა ლუკა ლომსაძემ ისაუბრა. მისი თქმით 2022 კრიპტო მარკეტინგისთვის საინტერესო წელი იყო და ბაზარმა ბევრი ისეთი შეცდომა ნახა, რომელიც ისეთ დიდ მარკეტს, როგორიც კრიპტოსამყაროა, არ უნდა ახასიათებდეს.
„ჩვენ ვნახეთ FTX ის კრახი, ასევე coin base-ის შეცდომები, რამდენიმე კრიპტოს ჩავარდნა და ძალიან ბევრი ისეთი შეცდომა გვქონდა, საიდანაც მთლიანმა ბაზარმა უნდა აიღოს მაგალითი, რომ მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდეს.
თუმცა თითოეულ ამ შეცდომას, თავისი მიზეზი ჰქონდა, აქ ძირითადად საუბარია ტექნიკურ შეცდომებზე, მაგალითად FTX ის შემთხვევაში, მთავარი მიზეზი არასწორი მენეჯმენტი იყო, რადგან დაუწერელი კანონია, რომ კომპანია კლიენტების თანხებს უმისამართოდ არ უნდა ატრიალებდეს, FTX ის შემთხვევაში სემ ბენკმენმა ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და მივედით იმ კრახამდე, სადამდეც მივედით, შემდეგ binance-მა სცადა ამის გადარჩენა, თუმცა კომპანია უკვე გაკოტრებული იყო“, - აღნიშნა ლუკა ლომსაძემ.
რაც შეეხება 2023 წლის მოლოდინებს, ლუკა ლომსაძე ამბობს, რომ ფასების მიმართულებით 2023 წელი 2022 წელთან შედარებით უკეთესი იქნება და გაზაფხულისთვის ფასების ზრდასაც უნდა ველოდოთ.
„2022 წელს მომხდარი მოვლენები რეპუტაციას ულახავდა მთლიანად მარკეტს, შესაბამისად საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მოსაზრება,რომ კრიპტო ბაზარი არასანდო და ახალგაზრდა მარკეტია. ბაზარი ნამდვილად ახალგაზრდაა, თუმცა იმდენი შესაძლებლობა აქვს რომ შეიძლება შეუძლია ნებისმიერ ინდუსტრიას გადაუსწროს“, - აღნიშნა ლუკა ლომსაძემ.
თაკო კვაჭანტირაძე