პოლიციამ მიმდინარე წელს, ქვეყანაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სულ 204 ნარკორეალიზატორი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ მიაწოდა.
„2022 წელს ქვეყნის მასშტაბით სულ 204 ნარკორეალიზატორია დაკავებული. მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით, გასულ წელთან შედარებით, 68-ით მეტი ნარკორეალიზატორი დააკავა”, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2022 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული: 8 კილოგრამი „ჰეროინი“, 8 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 16 კილოგრამი „კოკაინი“, 6 კილოგრამი „მდმა“, 5 კილოგრამი „ალფა პვპ“, 4,5 კილოგრამი „კლეფედრონი“ და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება.