2022 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 267,6 მილიონი ლარი. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 42,6 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 4,7 მილიონი ლარი. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 13.5 მილიონი ლარი შეადგინა.
ბოლო მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 111,8 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 324,7 მილიონ ლარს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით კომპანიების აქტივები - 1,012.1 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 289.1 მილიონ ლარს შეადგენდა.
საქართველოს მოსახლეობის 18 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2022 წლის 3 თვეში 668,017 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 105,454 პოლისი იყო გაყიდული.
2022 წლის I კვარტალის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (59.8 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „იმედი L“(38.9 მლნ. ლარი), მესამე ადგილზე „თიბისი“ (35.7 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა „ალდაგი“ (22.5 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (22.4 მლნ ლარი) იკავებს.
2022 წლის 3 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაიმ“ (21.6 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა „თიბისი“ (14.7 მლნ ლარი), მესამეზე კი „არდი“ (13.5 მლნ ლარი). მეოთხე ადგილს „იმედი L“ (12.8 მლნ. ლარი) იკავებს, მეხუთეს კი „ალდაგი“ (11.1 მლნ ლარი).
2022 წლის I კვარტალის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 43 მილიონი ლარით და ბაზრის 29% ეჭირა, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L” - 33.8 მილიონი ლარით, მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია „არდი“ იკავებს 18.1 მილიონი ლარით.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 11.2 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 24% უკავია. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 6.7 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 6 მლნ ლარით.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 19.8 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 3 თვეში 9.5 მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 48% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 5.1 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“ 3.4 მილიონი ლარით.
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 18,3 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ჯიპიაია“ 4.6 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 25% მოდის. მეორე ადგილზეა „თიბისი“ 4.5 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „ალდაგი“ 4.5 მლნ. ლარით.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 6.2 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი „ალდაგს“ უკავია - 1.8 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 28%, მეორე ადგილზე „ჯიპიაი“ 1.5 მილიონი ლარით. მესამე პოზიციას „უნისონი“ 1.3 მილიონი ლარით.
2022 წლის 31 მარტის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.