Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის და პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ქონება 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე 1.2%-ით, $75 მილიონით შემცირდა. 27 იანვრის მონაცემებით, ბიზნესმენის ქონების ღირებულება $5.97 მილიარდს შეადგენს. ამ ფინანსური მაჩვენებლით ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უმდიდრესი, ხოლო მსოფლიოს რიგით 450-ე უმდიდრესი ადამიანია.
აღსანიშნავია, რომ გავლენიანი გამოცემის შეფასებით, ბოლო 24 საათში მილიარდერის ქონება $25 მლნ-ით შემცირდა. ბოლო ერთ წლის განმავლობაში ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2021 წლის 8 ნოემბერს იყო და $6.1 მილიარდს შეადგენდა.
რაც შეეხება Forbes-ს, გამოცემის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება კვლავ $4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. გლობალურ რეიტინგში ექს-პრემიერი 598-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართულ გამოცემა Entrepreneur-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა, მისი აქტივების დიდი უმრავლესობას კი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადასცემდა. აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მილიარდერების სიას თან ბიზნესმენების ციტატები ახლავს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ: „ადამიანს მილიარდები არ სჭირდება, ორასი მილიონი საკმარისია. შემდეგ ეს უბრალოდ სპორტია“.
ჩამოშორდა თუ არა „სპორტს“ ყველაზე მდიდარი ქართველი, უცნობია, თუმცა Entrepreneur-თან ამბობს, რომ ბიზნეს გამოცემების მონაცემები მოძველებულია. მისი განცხადებით, Forbes-თან 10 წელზე მეტია, ხოლო Bloomberg-თან საერთოდ არ უთანამშრომლია. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თქვა ისიც, რომ ამ წლების განმავლობაში მისი კაპიტალი ვერ გაიზრდებოდა, რადგან აქტიური ბიზნეს საქმიანობა პოლიტიკაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე დაასრულა.
ბაჩო ადამია