2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 239.6 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 380.1 ათასი ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 13.3%-ით მეტია 2021 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემზე.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 626.7 ათასით განისაზღვრა, რაც 13.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 331.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 211.7 ათასი ვიზიტი თვეში).
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 210.0 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 14.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 2.0 პროცენტით და 152.2 ლარს უტოლდება.