Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა 500-მა ადამიანმა 2022 წლის პირველ ნახევარში $1,4 ტრილიონი დაკარგა.
ინდექსი ეფუძნება იმ კომპანიების აქციების ღირებულებას, რომლებშიც მილიარდერები წილებს ფლობენ. 2022 წლის დასაწყისში 100 მილიარდ დოლარს 10 ბიზნესმენის ქონება აღემატებოდა, ახლა კი ასეთი ადამიანების რიცხვი მხოლოდ 4-ს შეადგენს.
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა ბოლო 6 თვეში 62 მილიარდი დოლარი დაკარგა და ახლა მისი ქონება 208 მილიარდი დოლარია. Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება მიმდინარე წელს დაახლოებით 63 მილიარდი დოლარით შემცირდა და ახლა 130 მილიარდ დოლარს უდრის.
ყველაზე მეტად ბოლო 6 თვეში Facebook-ის თანადამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა იზარალა. მისი ქონება ახლა 60 მილიარდი დოლარია, წლის დასაწყისში კი 125 მილიარდი დოლარი იყო. ამის შედეგად ცუკერბერგმა ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეხუთედან მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.