ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს საუკეთესო სომელიე წელს მესამედ გამოვლინდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე 2022 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიე კობა აბრამიშვილი გახდა.
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვა ხეცურიანმა რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში განაცხადა, რომ 5 ფინალისტიდან საუკეთესოს შერჩევა ძალიან გაუჭირდათ, რადგან მათი ქულები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან.
„შერჩევა ძალიან გაგვიჭირდა. ნახევარფინალის ჩატარება მოგვიწია იმიტომ, რომ 5 ნახევარფინალისტს თითქმის ერთნაირი ქულები ჰქონდა. ეს კარგია, იმიტომ რომ წლიდან წლამდე იზრდება კონკურსანტების მომზადების დონე. კობა წელს საუკეთესო აღმოჩნდა. ამავდროულად, დანარჩენი ფინალისტები მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. 10-15 წლის წინ სიტყვა „სომელიეს“ მნიშვნელობაც არ იცოდნენ ჩვენთან, განაცხადა შალვა ხეცურიანმა.