2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის 2.850 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 1.3 მლნ ლარით აჭარბებს. აღნიშნული თანხიდან 8 დასაქმებულის შრომის ანაზღაურებაზე მომავალ წელს 151.8 ათასი ლარით მეტი დაიხარჯება, ვიდრე წელს იყო და 330 ათასი ლარი გახდება. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მომავალ წელს განხორციელდება „საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ხელშეწყობა და ახალი საინვესტიციო ხელშეკრულებების მონიტორინგი“.
მიუხედავად მთავრობის ოპტიმისტური განწყობისა, რომ ანაკლიის პორტით ახალი ინვესტორის დაინტერესებას და პროეტზე მუშაობის დაწყებას შეძლებენ, შეგახსენებთ, რომ მსგავსი ჩანაწერი 2022 წლის ბიუჯეტშიც იყო, ხოლო 2021 წლის პროექტში, ხაზგასმით მიუთითებდნენ, რომ „დაიწყება ანაკლიის საზღვაო, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაუმჯობესებაზე, არამედ გაზრდის ქვეყნის როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ცენტრად“.
მთავრობა 2023 წელს, რომ გეგმავს ანაკლიის პროექტის ირგვლივ ნაბიჯების გადადგმას, ეს ბიუჯეტის პროექტის გარდა, ბოლო პერიოდში გავრცელებული განცხადებებიდანაც ჩანს. 12 სექტემბერს მთავრობამ „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების ეტაპები დაამტკიცა. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, უკვე ჩატარებულია მაღალი დონის საპროექტო სამუშაოები, რომელიც ავტორიტეტულმა ნიდერლანდურმა კომპანიამ MTBS - მა განახორციელა. მათ განაახლეს მანამდე არსებული კვლევების განახლებას მსოფლიოში მიმდინარე ახალი გარემოებებისა და პროცესების გათვალისწინებით, ასევე მოამზადეს საქართველოს სანავსადგურე სექტორის კვლევა და რეკომენდაციები. მისი თქმით, ანაკლიის საპორტო ინფრასტრუქტურა შუა დერეფნის ინტერესებს ემსახურება.
მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალ-ახალი ტენდერის გამოცხადების ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა, ტარდებოდა მილიონიანი კვლევებიც და მინისტრებიც აქტიურად გვარწმუნებდნენ სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ არსებობის აუცილებლობაზე, თუმცა რამდენიმედღიანი დამაიმედებელი განცხადებების შემდეგ, პორტის საკითხი კვლავ დავიწყებას ეცემოდა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამ კუთხით გამონაკლისი არც მომავალი წელი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში განაცხადეს. 2020 წლის 9 იანვარს კი საქართველოს მთავრობამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულება გაუწყვიტა.