2023 წელს აშშ-ში ინფლაცია მნიშვნელოვნად შემცირდება, ინფორმაციას Goldman Sachs-ის ეკონომისტების ანალიტიკურ წერილში აქვეყნებენ.
აშშ-ში ინფლაციის მთავარი მაჩვენებელი პირადი მოხმარების ხარჯების ფასთა ინდექსია (PCE), რომელიც, Goldman Sachs-ის ექსპერტების პროგნოზით, 2023 წლის დეკემბრისთვის 2.9%-მდე დაიწევს. დღევანდელი მდგომარეობით მაჩვენებელი 5.1%-ია. სექტემბრის ბოლოს PCE 6.2% იყო, თუმცა მას მერე თანდათან იკლებს.
Goldman Sachs-ის ეკონომისტები წერენ, რომ ფასებზე დადებითად მოქმედებს პანდემიის შემდეგ მიწოდების ჯაჭვების აღდგენა, ასევე, უძრავი ქონების ღირებულების პიკთან მიახლოება და ხელფასების ზრდის შენელება. ბანკის ექსპერტების აზრით, საცხოვრებლის ღირებულება მაქსიმალურ დონეს გაზაფხულზე მიაღწევს და იმავე 2023 წელს შესაძლოა, პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდეს.
აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ზრდა უკვე შენელებულია. მაგალითად, ოქტომბერში, 2021 წელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასებმა 7,7%-ით მოიმატა, რაც იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
პანდემიის შემდეგ შეერთებული შტატების საწყობებში მარაგი შეივსო. წელს საქონლის საზღვაო გადაზიდვები, 2021 წელთან შედარებით, გაცილებით გამარტივდა, გაუმჯობესდა ნახევარგამტარების მიწოდება და აშშ-ში მანქანებისთვის ჩიპების იმპორტი 2019 წლის დონეს 42%-ით აღემატება.
bloomberg.com