უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასი თითქმის ყოველდღიურად მცირდება, დღეს ის კიდევ 1.62%-ით დაეცა და $16,0456 შეადგინა. კიდევ უფრო მეტად - 3.66%-ით გაუფასურდა მეორე უმსხვილესი ტოკენი - ეთერიუმი.
ანალიტიკოსებს კრიპტოვალუტების ბირჟებზე ფასების ზრდის მოლოდინი არ აქვთ. „კრიპტომატი“-ს დირექტორი იოსებ ბოლქვაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება და 2023 წელს ციფრული აქტივების ფასები ან გაიყინება არსებულ მაჩვენებელზე, ან შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს.
„ციფრული აქტივები, მათ შორის ბიტკოინი ძალიან არის მიბმული ამერიკის მონატერულ პოლიტიკაზე და იმაზე თუ რა ხდება ზოგადად გლობალურ ეკონომიკაში. ეკონომიკური კრიზისი არ არის, მაგრამ არის გარკვეული რეცესია და რომ ნახოთ, ყველა ინდექსი არის შემცირებული, მათ შორის S&P და Dow Jones, სანამ ეს სიტუაცია არ შემოტრიალდება, კრიპტოვალუტის ფასებთან დაკავშირებით ზოგადი მოლოდინებია, რომ ეს ბაზარი ამ დონეზე გაიყინება რაც დღეს არის ან შემცირებას და რეცესიებს ვიხილავთ. თუმცა, ეს საინვესტიციო რჩევა არავისთვის არის, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
უახლოესი 6-8 თვე იმის მოლოდინი, რომ გლობალურ ეკონომიკაში რაიმე რადიკალურად შეიცვალოს არ არის, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ 2023 წელს ციფრული აქტივების ფასები ან გაიყინება არსებულ მაჩვენებელზე ან შესაძლოა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. გლობალური ეკონომიკის გამოცოცხლებამდე სავარაუდოდ არაფერი შეიცვლება, რადგან ასეთი მაღალრისკიანი აქტივები, როგორიც ბიტკოინია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და პირდაპირ კავშირშია ჭარბი ფულადი მასის გაჩენასთან. ახლა რადგან ეკონომიკა დაცლილია ლიკვიდობისგან, საკმაოდ ცუდ დღეშია ეს ინდუსტრია, ისევე როგორც სხვადასხვა მაღალრისკიანი და ტექნოლოგიური კომპანიის აქტივები“, — აღნიშნავს იოსებ ბოლქვაძე.