„2023 წელს გვაქვს ამბიციური გეგმა, გავიმტკიცოთ პოზიციები როგორც ბაზარზე უმსხვილესმა ნომერ მესამე ბანკმა“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ თამარ ხადურმა „ბაზისბანკის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.
მისი თქმით, გასული წელი ბანკისთვის გამორჩეული იყო, რადგან მოხდა „ბაზისბანკის“ გამსხვილება.
„2022 წელი „ბაზისბანკისთვის“ გამოწვევებით სავსე წელი იყო, რთული, მაგრამ ამასთანავე ძალიან საინტერესო. 2022 წლის დასაწყისში მოხდა ბანკის გამსხვილება და ეს პროცესი განხორციელდა უმოკლეს ვადაში. ფაქტობრივად გაორმაგდა ბანკის ზომა და ჰოლდინგის თანამშრომლების რაოდენობა 1000-ს აჭარბებს. წარმატებები იყო, როგორც საცალო მიმართულებაში, ასევე ბიზნეს მიმართულებაში. ჩვენთვის ბიზნესის მხარდაჭერა და ეს მიმართულება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, გასულ წელს ბაზისბანკმა 1300-ზე მეტი ბიზნესი დააფინანსა.
რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, გვაქვს ამბიციური გეგმები. „ბაზისბანკი“ 30 წლის ხდება და შესაბამისად მოლოდინებიც დიდია. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არაერთი წარმატებისთვის მიგვიღწევია, არაერთი წინსვლა გვქონია, მაგრამ ახლა გვაქვს ამბიციური გეგმა, გავიმტკიცოთ პოზიციები როგორც ბაზარზე უმსხვილესმა ნომერ მესამე ბანკმა და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ზურგს უმაგრებს რეალურად ის ბრძოლისუნარიანობა რომელიც გვაქვს.
საბანკო სექტორში მართალია კონკურენცია მაღალია, რაც კარგია მომხმარებლისთვის, თუმცა ჩვენ მზად ვართ ამ კონკურენციისთვის“, — აღნიშნა თამარ ხადურმა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს „ბაზისბანკის“ მთავარი მიმართულება ისევ ბიზნესის დაფინანსება იქნება, თუმცა საცალო მიმართულებით არაერთი სიახლე იგეგმება.