ევროპელმა მოთამაშეებმა, რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირების გეგმებთან დაკავშირებით, ნედლეულის მიწოდების მოთხოვნით ყაზახეთს მიმართეს. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბოლატ აკჩულაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყაზახეთი 2023 წელს გერმანიაში 1,5 მლნ ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს და მას შეუძლია ექსპორტი 7 მლნ-მდე გაზარდოს.
ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანიის КазМунайГаз-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევის თქმით, ყაზახური ნავთობი ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ქალაქ შვედტში გაიგზავნება, რომელიც როსნეფტის საკუთრებაში იყო, მაგრამ სექტემბერში ფედერალური ქსელის სააგენტოს გადაეცა.
ყაზახეთს 20 000 ტონა ნავთობის პირველი პარტია „დრუჟბას“ მილსადენით გერმანიაში თებერვლის პირველ ნახევარში უნდა გაეგზავნა, თუმცა მიწოდება ამ დრომდე არ განხორციელებულა.
როგორც ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ასხატ ხასენოვმა განაცხადა შეფერხების მიზეზი მიმწოდებელსა და მყიდველს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებია. მისი თქმით, ნავთობის პირველი პარტიის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს დიდი დრო სჭირდება.
ნავთობსადენ „დრუჟბას“ დაბომბვასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ მხრივ ბარიერი არ არსებობს.
„ჩვენ ვკითხულობთ მედიის ინფორმაციას დაბომბვის შესახებ, მაგრამ უფლებამოსილ კომპანიას, ნავთობის გადამზიდველის მსგავსად, ტექნიკური პრობლემა და შეზღუდვა არ აქვს. მიმწოდებელსა და მყიდველს შორის მხოლოდ კომერციული მოლაპარაკებები მიმდინარეობს,“ - დააზუსტა ხასენოვმა.