„ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მცირდება. საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობების შეცვლა „მოქალაქეებს“ უკავშირდება, რომელთაც საკითხზე კონსულტაციები გამართეს მთავრობასთან.
პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, არც 26 პროცენტი არის იდეალური, თუმცა, 36 პროცენტთან შედარებით, მნიშვნელოვანი შეღავათია პენსიონერებისთვის. დეპუტატის თქმით, დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა უკვე გაცემული სესხები, რომლებსაც პროცენტის შემცირება არ ეხება.
„ვმუშაობთ, რომ იქნებ ეს თანხები რესტრუქტურიზებული იყოს პენსიონერებისთვის, ბანკმა შეღავათი გაუწიოს პენსიონერებს. ადამიანები პენსიას იხდიან, ძირს არაფერი აკლდება მაღალი პროცენტის გამო. გვინდა, რომ ძველ სესხებზე პენსიონერებისთვის შეღავათების მოძებნა მოხდეს, რათა ყოველთვიური შესატანი იმხელა არ იყოს, რომ მათ პენსიის ნაწილი სესხში არ გადაიხადონ და სესხის ძირს მოაკლდეს“, – განაცხადა იოსელიანმა.
ოცწლიანი უკონკურენტო მუშაობის შემდეგ, 2023 წლიდან პენსიებს ისევ „ლიბერთი ბანკი“ დაარიგებს. 2022 წლის 11 მაისს გამოცხადებულ 105 მილიონ ლარიან ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ „ლიბერთი ბანკმა“ მიიღო. სახელმწიფო შესყიდვას ახლა შერჩევა/შეფასების სტატუსი ჰქონდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტენდერის ერთადერთი მონაწილე „ლიბერთია“, საქართველოს მთავრობა ხელშეკრულებას სწორედ მასთან გააფორმა. გარდა ამისა, სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მლნ ლარით დაასუბსიდირებს პენსიის დარიგების მომსახურებას, რასაც აქამდე არ აკეთებდა.