2023 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 507 300 000 ლარს შეადგენს, წინა წელთან შედარებით ზრდა 5,2%-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი გადააჭარბებს ნახევარ მილიარდ ლარს.
როგორც „კომერსანტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 410 მლნ ლარია, შესაბამისად წინა წელთან შედარებით ზრდა 17,2%-ია.
„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, 123 138 745 ლარს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი 6 596 521 ლარით არის გაზრდილი.
პროგრამები:
❖ „სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისთვის“ გათვალისწინებულია 17 000 000 ლარი;
❖ „საინჟინრო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისთვის“ 4 500 000 ლარი დაიხარჯება;
❖ „ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობისთვის“ გათვალისწინებულია 12 090 000 ლარი;
❖ „რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა“ 244 500 ლარით დაფინანსდება;
❖ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროგრამებისთვის 13 971 200 ლარია გათვალისწინებული;
❖ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროგრამებისთვის 59 896 483 ლარია გათვალისწინებული“, - განუცხადეს „კომერსანტს“ სამინისტროში.