2023 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 3%-4%-ის ფარგლებში იქნება - ამის შესახებ „კომერსანტთან“ თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ წელს საერთაშორისო სასაქონლო ფასები დასტაბილურდება და 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის ზრდა დაახლოებით 3.5%-მდე ან შესაძლოა, უფრო მეტადაც შემცირდეს.
„2023 წლის ბოლოსთვის ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივ მაჩვენებელთან, 3%-თან ახლოს იქნება, დაახლოებით, 3%-4%-ის ფარგლებში.
წლიური ინფლაცია კი მაღალია, მაგრამ თუ შევხედავთ ყოველთვიურ ინფლაციას და ასევე გამოვრიცხავთ სეზონურ ფაქტორებს, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია მცირდება. თუ ფასების დონის კლების ტენდენცია გაგრძელდა და დამატებითი შოკი არ იქნა - მაგალითად, ნავთობის ფასის ზრდა ან ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება, მონეტარული პოლიტიკის შერბილებაც მოსალოდნელია.
მომავალ წელს, ეკონომიკური ზრდით უფრო პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. იმ ფონზე, როცა ეკონომიკის ზრდაც ნელდება, ინფლაციაც შენელდება და რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაც მოსალოდნელია“, — აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
საქართველოში წლიური ინფლაცია 10.4%-ია. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი უკვე გაიარა და მას შემცირების ტენდენცია აქვს.