2023 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.4 პუნქტით გაიზარდა და 20.1-ს გაუტოლდა. როგორც ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (35.6) დაფიქსირდა. BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.
„მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით 4.3 პუნქტით გაიზარდა და 2023 წლის I კვარტლისთვის 14.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ყველაზე მაღალია მრეწველობის (37.6) სექტორში.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, მნიშვნელოვნად გაიზარდა და 34.9 პუნქტს მიაღწია. 2023 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა მრეწველობის სექტორში (62.5) დაფიქსირდა“, — აცხადებენ ISET-ში.
აღსანიშნავია, რომ გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 5.6-ით შემცირდა და 22.3 პუნქტი შეადგინა.
„ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ შემცირდა ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში საკუთარ პროდუქტზე მატებას ვარაუდობს, “ — აღნიშნავენ ISET-ში.